“ენერგოპრო ჯორჯიას” პრესსამსახურის წარმომადგენელის, ავთანდილ დვალიშვილის თქმით, ელექტროენერგია ბათუმის გარდა სხვა ქალაქებსაც არ მიეწოდება.
“ფართომასშტაბიანი გათიშვაა მთელ დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ ბათუმში. ამინდი არის ძალიან ცუდი, ყინვაა და ეს ართულებს სამუშაოებს, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ რაიონულ ცენტრებს დღესვე აღუდგეს ელექტროენერგია,”- ამბობს დვალიშვილი.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 155 ათას აბონენტს. დიდთოვლობის გამო, ძირითადად, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, სულ 21 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო შეზღუდვებია გზებზეც.
იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, რიკოთის უღელტეხილზე მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზას მუდმივ რეჟიმში წმენდს.
“საყურადღებოა, რომ, ინტესნიური თოვის გამო გზის საფარი სველდება, რისი გათვლისწინებითაც, მოცურების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა გამართული მანქანებით, კარგი საბურავებით უნდა იმოძრაონ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ითოვებს ღამითაც. მოცურებისა და გზებზე პრობლემების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევდრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,:- წერია საგზაო დეპარტამენტის განცხადებაში.