როგორც კალაძემ დღეს, 9 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, ზამთარში საქართველო რუსეთისგან ელექტროენერგიას ყიდულობს, თუმცა ეს ხდება იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოსთვის საინტერესო ფასს აწესებს:
“რუსეთზე ჩვენ დამოკიდებული ვართ ძირითადად ზამთრის პერიოდში, როდესაც მათგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას და ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ისინი ელექტროენერგიას ძალიან საინტერესო ფასად გვაძლევენ. თუ მოხდება ისე, რომ ამ მხრივ იქნება ზეწოლა და არ მოგვაწვდიან ელექტროენერგიას, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ ელექტროენერგია: აზერბაიჯანი, თურქეთი. უბრალოდ, მოგვიწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ბერკეტები [რუსეთის მხრიდან] იქნება გამოყენებული, რადგან 2008 წლის ომის დროსაც და მის შემდეგაც ამ ბერკეტების გამოყენება არ მომხდარა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს რუსეთთან”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ არსებული ჰიდრორესურსების რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს ახლო მომავალშივე შეუძლია, რომ სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს:
“ენერგოდამოუკიდებლობას რაც შეეხება, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო 75 პროცენტით არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, ეს ძირითადად გახლავთ აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა ნამდვილად გაგვაჩნია იმის შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ენერგოდამოუკიდებელი იყოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია, კერძოდ, ჰიდრორესურსები იყოს რაციონალურად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მან.
ენერგეტიკის მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც ვილნიუსში ჩვენმა მთავრობამ გააფორმა. მოგეხსენებათ, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპისკენ შეუცვლელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი ქვეყანა. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უახლოეს მომავალში ნაბიჯ–ნაბიჯ ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება ენერგეტიკულ მიმართულებას, საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც ითვალისიწნებს, იმას, რომ ჩვენ საკნაონმდბელო დონეზე ეტაპობრივად გადავიდეთ ევროპული სახის განვითარებულ ენერგეტიკულ საკითხებზე, ეს ეხება ვაჭრობას, ახალი წესების შემოღებას და ამ ყველაფერს ჩვენ 2015 წლიდან განვახორციელებთ”, – აღნიშნა კალაძემ.