კვირიკაშვილის განმარტებით, არსებობს გზამკვლევი, რომელიც ამ სამუშაოების განხორციელების მექანიზმებს განსაზღვრავს და ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახლო მომავალში გამოქვეყნდება:
“მოგეხსენებათ, რომ პრემიერ–მინისტრმა შექმნა ეკონომიკური საბჭო. ამ საბჭოსთან ერთად იმუშავებს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც გაუწევს ორგანიზებას გზამკვლევის აღსრულების ნაწილს. გზამკვლევი ეხება ძალიან ბევრ სფეროში რეფორმებს, მათ შორის ეს არის ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა, ურთიერთაღიარების მექანიზმების შექმნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე სურსათის უვნებლობაში, კანონმდებლობა კონკურენციის ნაწილში და ასე შემდეგ. უამრავი სფეროა. ჩვენ გვექნება ძალიან დატვირთული მომავალი 9–10 თვე, რომლის განმავლობაშიც უნდა შევასრულოთ დიდი სამუშაო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით საქმე ეხება 3 სფეროს ლიბერალიზაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის:
“საუბარი არის საქონლის, მომსახურების და კაპიტალის გადაადგილების ნაწილში ლიბერალიზაციაზე. ამას ექნება ძალიან დადებითი შედეგი მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე. საუბარია იმაზე, რომ კომპეტენციის ურთიერთაღიარება მოხდეს და ქართველმა პროფესიონალებმა თავისუფლად მაიწოდონ სერვისები ევროპულ ქვეყნებს. ასევე საუბარია იმაზე, რომ მოხდეს სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიების მონაწილეობა ევროპულ ქვეყნებში და შეთავაზება საქონლის და სერვისების. მოკლედ ძალიან მრავლისმომცველი, ტექნიკურად დატვირთული სამუშაო გველოდება წინ და ჩვენ ამას აუცილებად დავასრულებთ წარმატებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში, სავარაუდოდ, 2014 წლის სექტემბერში.