ცისკარიშვილმა მინისტრის მოადგილეს 3 წლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლის რანგში მის მიერ ჩატარებული კვლევა შეახსენა, სადაც თავისუფალი დემოკრატი იზორია, იმდროინდელი შსს–ს ორ ნაწილად დაყოფას ითხოვდა და ვანო მერაბიშვილის უწყებას მონსტრს უწოდებდა.

“მეც ვიხსენებ ჩვენს ამ შეხვედრებს მაშინ კონფერენციის ფორმატში. ბუნებრივია, ყოველი რეფორმა და ამოცანა, რაც თითოეული უწყების წინაშე დგას, გარკვეული რეალობით და არსებული პრობლემებით არის განპირობებული. იმ დღეს, როდესაც ჩვენ მაშინ, როგორც ოპოზიცია, ვითხოვდით შსს–ს ორად გაყოფას და ვამბობდით, რომ ის იყო მონსტრი, ამას ვაცხადებდით იმის საფუძველზე, რომ ის ყველაფერი, რაც კი ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული, ერთ სტრუქტურაში იყო თავმოყრილი, ანუ ეს იყო მაშინ პრობლემა. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია (მათ შორის გერმანიაში) უშიშროების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში. ანუ ორი უწყების ერთ სტრუქტურაში არსებობა კი არ ქმნის მონსტრს, არამედ მონსტრს ქმნის პოლიტიკური ელიტის განზრახვები, გამოიყენებს თუ არა ბოროტად ამ ძალაუფლებას თავისი ინტერესებისთვის. ჩვენ მაშინ გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ რაც შეიძლება მეტი დივერსიფიკაცია მომხდარიყო, თუმცა მარტო თეორიის დონეზე თქმა იმის, რომ მოდი, დავშალოთ და ამოცანა დაგვეკარგოს, ესეც, მგონი, რაციონალურ საფუძველს იქნება მოკლებული”, – განაცხადა იზორიამ და გაიხსენა, რომ ზემოხსენებული რეოფორმა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთი დაპირება იყო 2012 წლის არჩევნების წინ.
“ ხშირად ამას ამბობენ კიდეც, რომ ეს იყო საარჩევნო დანაპირებიო, მაგრან დანაპირები ერთ წელზე არ არის ორიენტირებული, საარჩევნო დანაპირები ორიენტირებულია იმ ლეგიტიმაციის ფარგლებში, რაც მისცა ამომრჩეველმა ხელისუფლებას მანდატის სახით. მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ და თუ ქვეყანა ამ ამოცანის წინაშე დადგება, რომ გაყოფა მეტ სტანდარტს უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მეტ დეპოლიტიზირებას, მე მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არავის ექნება. ასე რომ, ეს გამოწვევიდან და პრობლემიდან გამომდინარეობს. მარტო იმის თქმა, რომ დაშლა შედეგს გვაძლევს, რაზეა ეს შედეგი ორიენტირებული, ესეც უნდა ითქვას. მაშინ სხვა გამოწვევა იყო, დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა იზორიამ სასტუმრო თბილისში მარიოტში, სადაც კონფერენცია – “აღმოსავლეთ პარტნიორობა: გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობს.
ზემოხსენებულ დისკუსიას დარბაზში მჯდომი დავით უსუფაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და ცისკარიშვილს იზორიას ამ განცხადების დამახსოვრებაც ურჩია, რადგან, მისი თქმით, 3 წლის შემდეგ შესაძლოა ამ სიტყვების გახსენებაც გახდეს საჭირო.
