ახალი ამბები

საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღება ვერ მოხერხდა

6 დეკემბერი, 2013 •
საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღება ვერ მოხერხდა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს მეოცე სხდომა 5-6 დეკემბერს კიევში გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.

“სამწუხაროდ, მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა. მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის  არაკონსტრუქციული პოზიციის გამო არ შედგა  შეთანხმება საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღების თაობაზე. ასევე არ იქნა მიღებული ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პოლიტიკური დეკლარაცია რუსეთის უარყოფითი პოზიციის გამო აღნიშნულ დეკლარაციაში ეუთო-ს არეალში არსებული კონფლიქტების აღნიშვნის მიმართ’, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინსიტროს ინფორმაციით, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლებისა და მიწათხრილების მოწყობის პროცესზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების არსებულ მძიმე ვითარების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

“თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები. მინისტრმა გამოსვლაში მიმართა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, გააძლიერონ დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს წინაშე იკისროს ძალის არგამოყენების ვალდებულება”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ფანჯიკიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მტკიცე მისწრაფებაზე, რათა შენარჩუნებულ იქნას ეუთო-ს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  ოფისის დირექტორთან, იანეშ ლენარჩიჩთან, ეროვნულ უმცირეობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ თორსთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რანკო კრივოკაპიჩთან.

ასევე გაიმართა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სერბეთის, ფინეთის, ნორვეგიის, მალტის, ირლანდიის, ისრაელის და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავჯდომარეებთან, ტაილანდისა და დანიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი