“დღეს აქ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით, ვხსნით პანდუსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ დიდი დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თანამოქალაქეების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიმართულებით. სახელმწიფოს ვალია იზრუნოს ყველა თავის მოქალაქეზე, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებასთან, შეუქმნას მათ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის. ჩვენი ვალია, და მეტად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მეომრებზე, ჩვენს ვეტერანებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებში. მათ უნდა გააგრძელონ ღირსეული ცხოვრება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მათი უნარ-ჩვევები, ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება, მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. და ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ამისათვის. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ სწორედ აქ, მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბეთ ამ ძალიან სასარგებლო, საჭირო და ჰუმანური სიახლის აღსანიშნავად. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაცილებით ადვილი იქნება მთავრობასთან კომუნიკაცია. მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ, მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო დაწესებულებაში შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადაპტაციისათვის შესაბამისი პირობები და მათ აღარ ექნებათ გადაადგილებისა და კომუნიკაციის პრობლემა. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვისთვისაც პანდუსი საიმედო გზაა გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად. ვუსურვებ ყველას თავიანთი შესაძლებლობების მთლიანად რეალიზებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ვიქტორია ნულანდმა თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით და ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

“ამერიკის მთავრობა ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის ძალისხმევას ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფიზიკური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვას. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა იყოს უფრო მეტად მნიშვნელოვანი სიმბოლო, თუ არა ეს პანდუსი, რომელსაც დღეს ვხსნით”, – განაცხადა ნულანდმა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *