ახალი ამბები

გელოვანის გამზირზე ‘ქვეითების უსაფრთხოებისთვის’ ზებრა გადასასვლელი მერიამ გააუქმა

16 მაისი, 2018 •
გელოვანის გამზირზე ‘ქვეითების უსაფრთხოებისთვის’ ზებრა გადასასვლელი მერიამ გააუქმა

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, იქ, სადაც ორივე მხარეს გაჩერებაა, ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელი გააუქმა.

ზებრა გადასასვლელის გაუქმება მერიამ ქვეითების უსაფრთხოების ზომების მიღებით ახსნა.

“გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით შემსრულებელმა კომპანიამ ე.წ „ზებრები“ წაშალა და განათავსა ნიშანი „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“. ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზაგამყოფ გაზონზე ქვეითთა გადასასვლელი ბილიკი ჩაკეტა”, – აცხადებს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ქვეითები “სადაც გადასასვლელია, ამ ეტაპზე იქ უნდა გადავიდნენ”, ხოლო ზებრა გადასასვლელის ალტერნატიულ გადაწყვეტაზე მსჯელობა მიდის. თუ რა იქნება ალტერნატიული საშუალება, ამაზე ჯერ არ გვპასუხობენ.

გაუქმებულ ქვეითთა გადასასვლელთან ორივე მხარეს ავტობუსის გაჩერებაა. აქვე, აგროჰაბის გარდა, დასახლებაც არსებობს. ახლომდებარე გადასასვლელი ორივე მხარეს დაასლოებით 500 მეტრის მოშორებითაა.

რატომ არ დააყენეს შუქნიშანი ამ გადასავლელთან, მერიის სატრანსპორტო სამსახურში გვპასუხობენ, რომ ასეთ მაგისტრალებზე შუქნიშნები არ იქნებოდა მიზანშოწონილი. თუმცა, მარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშანი გოძიაშვილის ქუჩის კვეთაზე დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი