ამ მოტივით ყიდულობს მთავრობა ტელეფონებსაც – ზოგიერთი თანამდებობის პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, ტექნიკის შერჩევისას, შედარებით იაფფასიან, ზოგიერთი კი ძვირადღირებულ ტექნიკას ან მოდურ ბრენდსაც კი ირჩევს. თანხა წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ათასი ლარით გაიზრდება.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს 25 ახალი კომპიუტერი შეიძინა – 12 ნოუთბუქი და 13 პერსონალური. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ბარამიძის თქმით, ნოუთბუქები დეპუტატებს გადაუნაწილეს. უმცირესობაში ახალი ნოუთბუქი მხოლოდ ასმათ დიასამიძეს არ შეხვდა.
დეპუტატის განმარტებით, გასულ წელს მას, როცა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განათლების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, “ნოუთბუქი” შეუძინეს, ამიტომ წელს ახალი არ მიუციათ. თუმცა, მოთხოვნა დაწერილი აქვს, რადგან უმაღლესი საბჭოს ახალგარემონტებულ შენობაში წყალი ჩავიდა და ტექნიკა დაზიანდა.
ახალი კომპიუტერი არც უმაღლესი საბჭოს წევრს უმრავლესობიდან, სულხან ღლონტს მიუღია.
კომპიუტერების გარდა უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ტიპისა და ღირებულების პრინტერი, რამდენიმე სკანერი, ფლეშ მეხსიერების ბარათები და სხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა, რაშიც ჯამში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 30 000-მდე ლარი დაიხარჯა.
აჭარის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კომპიუტერული ტექნიკა გასულ წელსაც განაახლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 000-მდე ლარი დაიხარჯა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გასულ წელს უმაღლესმა საბჭომ რვა პერსონალური კომპიუტერი, ორი ნოუთბუქი, რამდენიმე პრინტერი, სკანერი და სხვა სახის მოწყობილობა შეიძინა.
უმაღლესი საბჭოს კომპიუტერული ტექნიკის განახლებისთვის ბიუჯეტიდან ფული 2011 წელსაც დაიხარჯა, ამ წელს უმაღლესმა საბჭომ ცხრა პერსონალური კომპიუტერი და ხუთი ნოუთბუქი იყიდა.
უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქციის წევრის ასმათ დიასამიძის თქმით, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრიც იყო, შარშან ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციამ “ტექნიკა თითქმის მთლიანად განაახლა”. კითხვაზე, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში ახალი კომპიუტერების შესყიდვის საკითხი? – დეპუტატს პასუხი არ აქვს.
ამ კითხვაზე პასუხი არც უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს რამაზ ბოლქვაძეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების უმეტესობას თავად აწერს ხელს, “ბათუმელების” კითხვებზე პასუხების გასაცემად რამაზ ბოლქვაძემ თავი არაკომპეტენტურ პირად მიიჩნია და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან გადაგვამისამართა. “მოგვწერთ და გიპასუხებთ” – ასეთი იყო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ჯამბულ კურცხალიძის პასუხი. “ბათუმელები” კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ელოდება.
ახალი კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა წელს ბათუმის საკრებულომაც შეიძინა, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 17 800 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალი ტექნიკა, ძირითადად, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გადანაწილდა. ახალი კომპიუტერი ბათუმის საკრებულოს მხოლოდ ორმა წევრმა, ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ და განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნაზი ფუტკარაძემ მიიღეს. ძველი კომპიუტერებიდან კი რამდენიმე ისევ აპარატის თანამშრომლებზე გადაანაწილეს. მათ შორის რამდენიმემ, საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, “ცვეთა განიცადა”.
ტექნიკის განახლების მხრივ საკრებულოს არც მერია ჩამორჩა, წელს ბათუმის მერიამ სულ 21 კომპიუტერი, 13 პრინტერი, რამდენიმე სკანერი და სხვა სახის ტექნიკა შეიძინა, რაშიც ჯამში 50 000 ლარი გადაიხადა.
ბათუმის მერიამ კომპიუტერული ტექნიკა გასულ წელსაც განაახლა. 2012 წელს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად მერიის შესყიდვების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი ექვსჯერ გამოაცხადა. საბოლოოდ კი შესყიდვებში გადახდილმა თანხამ, მთლიანობაში, 93 188 ლარი შეადგინა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გასულ წელს ბათუმის მერიამ 50 ერთეული პერსონალური და სამი პორტაბელური კომპიუტერი შეისყიდა. კომპიუტერული ტექნიკა მერიაში 2011 წელსაც იყიდეს, მათ შორის ყველაზე ძვირი – 3500 ლარი მაგიდის მონობლოკში გადაიხადეს. მთლიანობაში კი, 2011 წელს, ბათუმის ბიუჯეტიდან ტექნიკის შესაძენად 143 963 ლარი დაიხარჯა.
კომპიუტერული ტექნიკა წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც განაახლა – ნოუთბუქი და რამდენიმე სახეობის პრინტერი, სკანერი და სხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა შეისყიდა, რაშიც ჯამში 32 000 ლარი დაიხარჯა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპიუტერული ტექნიკა გასულ წელსაც შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 52 000 ლარი დაიხარჯა. ამ სამინისტრომ წელს ფული ძვირადღირებულ ტელეფონებშიც დახარჯა. 2013 წლის დასაწყისში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა 1700 ლარად ღირებული “აიფონ 5”, გასული წლის ბოლოს კი 2 ერთეული “ბლექბერი” შეიძინა. სამინისტრომ აღნიშნულ ორ ტელეფონში 2300 ლარი გადაიხადა.
“ბათუმელების” კითხვებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ. ინფორმაცია პრესსამსახურის მოთხოვნით ამჯერადაც წერილობით გამოვითხოვეთ. პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია.
“არც წელს და არც გასულ წელს ჩემთვის ახალი კომპიუტერი არ შეუძენიათ, ლეპტოპი და ტელეფონიც, რომლითაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ვსარგებლობ, 2012 წლის იანვარში გადმომეცა. ანუ დიდი ხანია მაქვს ეს ფუფუნება, თუ ამას ფუფუნება ჰქვია”, – თქვა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ.
მინისტრის მოადგილემ არ იცის, ვის გადასცა სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა ახალშეძენი-ლი ტექნიკა. “ბათუმელების” ინფორმაციით კი, ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონით, “აიფონ 5”- ით მინისტრი დავით ბალაძე სარგებლობს. მის სარგებლობაშია კიდევ ერთი ტელეფონი, თუმცა “ბათუმელებმა” ვერ დააზუსტა არის თუ არა მეორე ტელეფონი “ბლექბერი”. ამჟამინდელ მინისტრს “ბლექბერი” ჯერ კიდევ მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს გადაეცა სარგებლობაში.
წელს ძვირადღირებული ტელეფონები ბათუმის მერიამაც შეისყიდა. 2013 წლის აპრილში მერიის თანამშრომლებისთვის ოთხი ტელეფონი შეიძინეს, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 2 462 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე ძვირი – 1297 ლარი მერის მოადგილისთვის განკუთვნილი “iphone 5” დაჯდა. ეს ტელეფონი, რომელშიც მერიამ 1297 ლარი გადაიხადა, მერის მაშინდელ მოადგილეს გელა დეკანაძეს შეხვდა. დაახლოებით ოთხი თვის წინ გელა დეკანაძემ მოადგილის თანამდებობა დატოვა და მერიის ახლადშექმნილ ტურიზმის სამსახურში გადავიდა სამუშაოდ, თუმცა მერის მოადგილისთვის შეძენილი “აიფონი” მას არ დაუბრუნებია. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, “რადგან გელა დეკანაძე სტრუქტურაში დარჩა, ტელეფონი, როგორც ქონება, ამ სამსახურის ბალანსზე გადავა”.
867 ლარად ღირებული iphone 3 მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს, არჩილ ვანაძეს გადასცეს. შედარებით ნაკლებფასიანი და, შესაბამისად, ნაკლებად თანამედროვე ტელეფონი ერგო ბათუმის ახალ არქიტექტორს გიორგი რამიშვილს, მას 165 ლარად ღირებული Samsung C3782 შეხვდა; Nokia-206 კი, რომელშიც მერიამ 133 ლარი გადაიხადა, მერის მძღოლისთვის შეუძენიათ.
შედარებით ნაკლები – 11 857 ლარი დახარჯა წელს ტექნიკის განახლების მიზნით აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. “აიფონით” სარგებლობს ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც. სამინისტრომ მინისტრის ტელეფონში 1390 ლარი გადაიხადა.
იმავე ბრენდის ტელეფონით სარგებლობს სოფლის მეუნეობის მინისტრიც. ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, ეს არ არის ძვირადღირებული ნივთი, ამიტომ სამინისტროს მის შესაძენად ტენდერი არ გამოუცხადებია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს კომპიუტერული ტექნიკის განახლების მიზნით 9483 ლარი დახარჯა.
ახალი კომპიუტერები თუ ტელეფონები არ შეუსყიდია აჭარის მთავრობასა და განათლებისა სამინისტროს. ყოველ შემთხვევაში, მათ ტენდერი ტელეფონების შესყიდვაზე გამოცხადებული არ აქვთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტელექტის” ხელმძღვანელი, ლევან გობაძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეს ტექნიკის განახლების საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა უნდა არსებობდეს კონკრეტული, წინასწარდაწესებული ლიმიტი, რომლის დაცვასაც შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
“ბოლო ორ-სამ წელიწადში, წინა ვერსიებთან შედარებით, იმდენად შეიცვალა პროგრამული უზრუნველყოფა, რომ აუცილებელი ხდება მისი შეცვლა. მე, პირადად, ასე ვიქცევი. რაც შეეხება ტელეფონს, ეს სხვა შემთხვევაა. როგორც წესი, მინისტრი არ აწარმოებს ოპერატიულ საქმიანობას, მას ყოველწამს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა, სმს-ის გაგზავნა, ანალიტიკური ინფორმაციის მოძიება-გადამოწმება, რაღაც დასკვნების გამოსატანად. მარტივ ფუნქციებს კი დაბალი ღირებულების ტელეფონიც შეასრულებს.
ვფიქრობ, ძვირადღირებული ტელეფონებით თანამდებობის პირები უფრო საკუთარ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებენ და ხაზს უსვამენ სტატუსს. დარწმუნებული ვარ, “აიფონის” ფუნქციების 30 პროცენტზე მეტს ისინი არ იყენებენ. ღარიბ ქვეყანაში ბიუჯეტიდან დახარჯო ფული ფუფუნებისათვის არაეთიკურია, რადგან მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს”.