ახალი ამბები

მეზვრიშვილი: ბოდიში მოვიხადეთ, რადგან იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

16 მაისი, 2018 • 2540
მეზვრიშვილი: ბოდიში მოვიხადეთ, რადგან იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ 14 მაისს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმიტომ, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

მის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელი ბოდიში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ იმ ადამიანებს, კლუბში შეკრებილ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, კლუბში და კლუბის გარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შევუქმენით. ამის გამო მოვიხადეთ ბოდიში“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შსს-ს 12 მაისს, კლუბებში შესვლისას არცერთი სტუმრის უფლება არ დაურღვევია. მისივე განცხადებით, პოლიციელების სამიზნე აქციის მონაწილეები არ ყოფილან:

“საგამოძიებო მოქმედებას ვატარებდით 1-დან 2 საათამდე, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კლუბებში ხდებოდა. ამ დროს კლუბში იმყოფება უამრავი ახალგაზრდა, რომელთაგან ზოგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის, ზოგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც ჩვენი სამიზნე არ ყოფილან. ამიტომ ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია ამხელა პროტესტი… არ იყო ეს სპეცოპერაცია. სამართალდამცავები შევიდნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შევიდნენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენი სამიზნე ჯგუფი არ იყვნენ კლუბის სტუმრები, ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ გასართობად მოვიდნენ, ამ ადამიანებისთვის არათუ ხელი არ გვიხლია, არათუ არ გაგვიჩხრეკია, არათუ არავინ დაგვიკავებია, მშვიდობიანად ეს ადამიანები კლუბიდან გარეთ გავიყვანეთ.

რა თქმმა უნდა, იქ არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. ყველანაირად შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო. ამ დროს იმყოფება კლუბში უამრავი ადამიანი, რომელთაგან უმრალესობა არის არაფხიზელ მდგომარეობაში, რატომ იწვვს ეს ამდენ კამათსა და შეკითხვას, ვერ ვხვდები”.

მისივე განცხადებით, როდესაც პოლიცია კლუბში შევიდა, იქ შეკრებილ ადამიანებს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ნარკოტიკი, დაეტოვებინათ და მათ სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებოდათ. მისივე განცხადებით, რამდენიმე ადამიანმა მართლაც დატოვა კლუბში ნარკოტიკი და სამართალდამცავებმა სულ 34 ასეთი ადგილი ნახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი