ახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობას სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობის გაორმაგება სურს

15 მაისი, 2018 • 1348
მთავრობას სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობის გაორმაგება სურს

საქართველოს მთავრობა სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობის გასაორმაგებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესწავლას და გაზრდას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, დღეიდან, 3 წლის განმავლობაში, მთავრობა გეგმავს გააორმაგოს სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი. კვირიკაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს როგორც ცალკე მდგომი, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება.

ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევაფასებთ არსებულ საჭიროებას, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოსახლეობის კონკრეტულ რაოდენობაზე გათვლითა და გეოგრაფიული განაწილებით, რათა მივიღოთ გეოგრაფიულად სწორი განშლა და ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის – ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ამიტომ შემუშავდება ამ ინფრასტრუქტურის მართვის, სუბსიდირების სპეციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე – სოციალური კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, არსებული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში შეიკრიბება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დროში გაწერილი გეგმა მომზადდება, პრიორიტეტები თვისობრივად სხვა დონეზე, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯერ კიდევ, სპორტული აქტივობების მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც არ არის. ეს მაჩვენებელი დღეიდან, 3 წლის განმავლობაში, უნდა გავაორმაგოთ და ევროპულ მაჩვენებელს მივუახლოვოთ. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. ქვეყანაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შესაქმნელი კაპიტალური დანახარჯები, არამედ ეს აისახება მათ შორის სოციალურ მუხლებში, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობის მიზანია მართვის ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და კონცეფციის შექმნა, თუ როგორ უნდა იმართოს ეს ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, დღეს ეს ყველაფერი გაბნეულია:

“ჩვენი ინფრასტრუქტურის 80% სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო და ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის ერთიანი მართვის მოდელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ.  ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართულობა, კამპანია, კონკრეტული აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათ-კვირას და, რა თქმა უნდა, ბიზნესის, საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უდიდესი გეგმის განხორციელებაში უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. ეს საკითხი ხდება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე, რომელსაც  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი