სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტში არის საუბარი.
კანონპროექტით, კულტურის შესახებ საქართველოს კანონში რჩება დღეისათვის ისედაც მოქმედი ჩანაწერი, რომ აიკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.
“დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“
ცვლილება შევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, სადაც სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში, არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
კანონპროექტის განმარტეითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზებაა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.
კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:
“შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს”.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა კონსტიტუციის ამ ჩანაწერს უნდა შეესაბამებოდეს.
საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ეს აკრძალვა სიახლე არ არის, რადგან კულტურის შესახებ კანონში დღესც არსებობს მსაგვსი ტიპის მოქმედი ჩანაწერი, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს არის მიღებული:
მუხლი 9. შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.
თუმცა გიორგი გოცირიძის განმარტებით, სიახლე არის ის, რომ ახლა ამ კანონპროექტით ჩნდება ამ აკრძალვის აღსრულების კონკრეტული მექანიზმი – სასამართლო. მისი თქმით, დღეს მოქმედი ნორმით, დაკონკრეტებული არ არის ვინ უნდა აღასრულოს აღნიშნული აკრძალვა. გოცირიძე ვარაუდობს, რომ ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა მისი თქმით, უწყებას 1997 წლიდან დღემდე ჯერ ეს მექანიზმი არ გამოუყენებია. თუ პარლამენტი გოგიჩაიშვილისა და ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერს, აკრძალვის საკითხზე უკვე სასამართლოს მოუწევს მსჯელობა.
გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წლიდან უკვე მოქმედი და ახლად ინიცირებული ჩანაწერიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს მყისიერი საფრთხის ტესტს. ანუ იურისტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება შუღლის გაღვივების მოტივით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ამ შემთხვევაში კი ასეთი დათქმა არც დღეისათვის უკვე მოქმედ და არც ინიცირებულ კანონპროექტში არ გვხვდება. მისივე თქმით, პრობლემურია პორნოგრაფიის პროპაგანდის ნაწილიც, რადგან ჯერჯერობით კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის რა არის პორნოგრაფია.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს, როდესაც ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, მათი კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან მიმართებაში თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.
“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან ბუნებრივია ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში. ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ამავე თემაზე გირჩევთ
ახალი კანონპროექტი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას – მშვენიერაძე
ეს არ არის ცენზურა – ლევან გოგიჩაიშვილი ინიცირებულ კანონპროექტზე