ახალი ამბები

მსხვერპლით დასრულებული ავტოავარიისთვის მღვდელს ბრალი ჯერ არ წარდგენია

5 დეკემბერი, 2013 •
მსხვერპლით დასრულებული ავტოავარიისთვის მღვდელს ბრალი ჯერ არ წარდგენია

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

 

შემთხვევა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს მოხდა. როგორც გარდაცვლილი რევაზ მაჩხაშვილის მშობლები ტელეკომპანია TV3-თან აცხადებენ, მათ შვილს იმ დღეს სასულიერო პირი აკაკი კუპრაშვილი საკუთარი მანქანით დაეჯახა. 

 

მაჩხაშვილის დედის განმარტებით, სასულიერო პირი, რომელიც ორთაჭალაში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში მდებარე ეკლესიაში მსახურობს, იმ დროს ნამსვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. 

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმითვე, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ოჯახს იმავე სასულიერო პირის ახლობლები დაუკავშირდნენ და დუმილის სანაცვლოდ 15 ათასი ლარი შეთავაზეს, რაზეც ოჯახის წევრებმა უარი განუცხადეს. 

 

სასულიერო პირის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ თანხის შეთავაზების ფაქტი ნამდვილად იყო, თუმცა – არა დუმილის სანაცვლოდ. 

 

“გარდაცვლილის გაპატიოსნებისთვის, მორალური მიზნებისთვის, ერთგვარი კომპენსაცია იქნებოდა. შეაგროვა ეს ფული მამა აკაკიმ (მე დიდი ხანია მას ვიცნობ, ის არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ექვსი შვილის მამა). თავიდან ოჯახი თანახმა იყო ამ თანხაზე, შემდეგ უკვე 15 ათასი დოლარი მოითხოვეს, რისი გადახდაც შეუძლებელი იყო, ვერ გადაუხდიდა მამა აკაკი. რის შემდეგაც ეს ამბავი ატეხეს. ვინ ჩაერია უკვე შემდეგ, არ ვიცი, ფაქტია, რომ ეკლესიის მიმართ დაწყებული კამპანიაა ეს,” – ამბობს ადვოკატი.

 

მისივე თქმით, იმ დღეს სასულიერო პირს ზიარება ჰქონდა მიღებული და შესაძლოა, სწორედ ამის გამო აღმოჩნდა მის ორგანიზმში ალკოჰოლი.

 

“სისულელეა, თითქოს ნასვამი ყოფილიყო. ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა არ უკავშირდება ამას. ბნელოდა და ვერ შეამჩნია მან ის მამაკაცი, რომელიც წინ გადმოუხტა. შეუძლებელი იყო ამ შემთხვევის თავიდან აცილება. დარწმუნებული ვარ, ავტოტექნიკური ექსპერტიზა ამას დაასკვნის.” 

 

ადვოკატი, ასევე, დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს არ წაუყენებენ.

 

როგორც შსს-ში განუცხადეს “ნეტგაზეთს”, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება, წაუყენებენ თუ არა ბრალს სასულიერო პირს, რომელიც წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.


მასალების გადაბეჭდვის წესი