“მაქვს ბევრი შეკითხვა. ეს კითხვები დავსვი ავტორებთანაც უმრავლესობის შეხვედრაზე და კიდევ დამატებით მინდა, რომ საკითხები გავიარო გუნდის შიგნით., ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებს ბესელია.
თვითმმართველობის ზემოხსენებული კოდექსის თაობაზე დღეს, 4 დეკემბერს განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა და თქვა, რომ ეს რეფორმა ქვეყნის დაშლისკენაა მიმართული. ეკა ბესელიამ ილია მეორის ზემოხსენებული განცხადების კომენტირებისას ნეტგაზეთს უთხრა, რომ “უწმინდესის პოზიცია საყურადღებოა”.
“ჩვენ არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ქვეყნის დაშლას რაიმე ირიბ საფუძველს მაინც შეუქმნის. ბუნებრივია, ასეთ კანონს არ მივიღებთ. რადგან ეს საკითხები სადისკუსიოა და იწვევს აზრთა ასეთ სხვადასხვაობას, ამიტომ უნდა შევჯერდეთ”.
ნეტგაზეთის შეკითხვას, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ ეს კანონი ქვეყნის დაშლისკენაა მიმართული, დეპუტატი ასე პასუხობს:
“არა, არა. დაშლისკენ არ არის [მიმართული]”.
ილია მეორის განცხადებამდე, გუშინ, 3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ ეს კანონპროექტი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა რუსთავი 2–ს უთხრა, რომ შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ არსებული ყველა შეკითხვა დაისვა და “მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ”.
ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა, ბესელიას განცხადებით, მოსმენა ორშაბათამდე გადაიდო. ამის მიზეზი მმართველ გუნდს შიგნით დაგეგმილი კონსულტაციებია.
“ჩვენ მოგვიანებით გვექნება შეხვედრა პრემიერთან და მის პოზიციასაც მოვისმენთ”, – აცხადებს ბესელია.