“როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას დაფიქრებისაკენ და იმისაკენ, არ მივიღოთ ეს თვითმმართველობის კოდექსი ნაჩქარვად, ალბათ ჯობდა, რომ თვითონაც გაიაზროს იმ მკაფიო განცხადებების რისკი, რასაც აკეთებს ქადაგების შემდეგ. არ შეიძლება პატრიარქი აკეთებდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რისკებს შეიცავს თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტს წაკითხული არ აქვს თავიდან ბოლომდე. ამიტომ, თუ პატრიარქი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიური დისკუსიისაკენ, მან შეფასება არ უნდა გააკეთოს, რა რისკებს შეიცავს ეს კოდექსი. ვფიქრობ, რომ საპატრიარქო ასეთი ტიპის განცხადებებით ზედმეტად ერევა სახელისუფლებო საქმიანობაში და, ჩემი აზრით, საპატრიარქოს და სახელისუფლებო ფუნქციები და მოვალეობები ნამდვილად ერთმანეთისგან გამიჯნულია და გამიჯნული უნდა იყოს”, – აცხადებს თამარ კორძაია. მისივე თქმით, ამ განცხადებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ თვითმმართველობის რეფორმა არ განხორციელდეს:
“ვერავინ ვერ დასწამებს დღევანდელ პარლამენტს იმას, რომ რომელიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გარეშე. ყველა კანონი, რომელიც მიღებულია- საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაწყებული, მაუწყებლობის შესახებ კოდექსით დამთავრებული- ყველაფერი კეთდება საზოგადოების მაქსიმალურად ფართო მონაწილეობით და თვითმმართველობის რეფორმაც ფართო მონაწილეობით განხორციელდება. წინასწარი შეფასებები მაშინ, როდესაც ამაზე საუბარი არ დაწყებულა და არგუმენტები არ წამოუდგენიათ, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება კეთდებოდეს. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ თვითმმართველობის რეფორმა არ განხორციელდეს. მე მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის რეფორმა არის კარგი, არავითარი საფრთხის მომცველი ეს რეფორმა თავისი არსით არ არის”, – აცხადებს კორძაია.
თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება პატრიარქმა ქადაგებისას გააკეთა:
“ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში”, – განაცხადა ილია მეორემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც წარმოადგინა ახალმა მთავრობამ, ხელს შეუწყობს სეპარატიზმის გაღვივებას. ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:
“კონცეფცია, რომ თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, სრული ნონსნენსია.”, – განაცხადა დღეს დავით უსუფაშვილმა.