1. როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ?
2. რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერს და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით?
3. რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტების შექმნა იგეგმება?
4. როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები ქალაქებში და რაიონებში?
5. როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო?
6. რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში?
7. რამდენად გაზრდის სახელმწიფო ხარჯებს დაგეგმილი რეფორმა?
8. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა?
9. რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ეს რეგისტრაცია დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე?
ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხის მოსმენაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სურს. ამის თაობაზე პარტიის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თვითმმართველობის კოდექსი ბევრ კითხვას ბადებს:
“საქართველოს პარლამენტში შემოტაინლია ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. რაც მთავარია, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა, როგორც არაერთ სხვა კანონთან მიმართებაში მოხდა, ამ შემთხვევაშიც მიზნად არ ისახავს, რომ მოაწყოს შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები ამ კანონის განხილვის თვალსაზრისით და ცდილობს ეს კანონიც გაიტანოს დაჩქარებული წესით.
ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთავარი არ არის ტექნიკური საკითხები. ეს კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანია და, ცხადია, ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები კანონთან დაკავშირებით. აქ მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული, ეს რეფორმა გატარდეს გააზრებულად. ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ კითხვებით მივმართოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრს, ბატონ დავით ნარმანიას, რადგან მისი უწყებაა ამ კანონპროექტის ავტორი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, აქვს თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

