“შიდა ვალის გარდა, მთავრობა აპირებს, ჯამში, 2 მილიარდი ლარის ვალის აღებას. აქედან 1 მილიარდ 36 მილიონი არის საგარეო ვალი, 600 მილიონი არის შიდა ვალი. ამხელა ვალის აღებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ხდება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა 4%-მდე, ეს ცვლილება სცილდება ევროპულ საშუალო სტანდარტებს და არის ძალიან ცუდი ტენდენცია და სიგნალი პოტენციური ინვესტორებისათვის”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისი თქმით, მთავრობა ვალით აფინანსებს ნაკისრს სოციალურ ვალდებულებებს:
“საბოლოო ჯამში, ხდება ამ ფულით გრძელვადიანი სოციალური ვალდებულებების დაფარვა, მთავრობამ აიღო ვალი იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დაფინანსდეს და ამ ვალის აღებას სხვა არანაირი მიზეზი არ აქვს. ეს არის საბერძნეთიზაციის გზა. დღეს საქართველო ნამდვილად არ დგას დეფოლტის წინაშე, მაგრამ მთავრობა ირჩევს არასწორ გზას, სწორედ ასეთმა არჩევანმა საბერძნეთი მიიყვანა დეფოლტამდე, სწორი გზა იქნებოდა გადასახადების დაწევა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ასევე, აკრიტიკებს ფინანსთა მინისტრის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ვალის სახით აღებული 200 მილიონი განთავსდება საბანკო ანგარიშებზე კრედიტებისთვის:
“როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 200 მილიონით ზრდის შიდა ვალს და ამბობს, რომ ეს განთავსდება კომერციული ბანკების ანგარიშებზე და ბანკები გასცემენ იაფიან სესხებს, სასაცილოა. 7-მილიარდიანი ეკონომიკისთვის 200 მილიონი ლარი არაფერი არ არის, ეს ბწკენაც კი არ არის ჩვენი ეკონომიკისთვის. პროცედურა იქნება ასეთი – გამოუშვებენ სახელმწიფო ობლიგაციებს და განათავსებენ ბანკებში, დღეს ბანკებს დამატებითი ფული არ სჭირდებათ, რადგან ლიკვიდურობის პრობლემა არ არის, შემცირებული არის მოთხოვნა სესხებზე და ბიზნესი არ იღებს სესხს ბანკებიდან. ამიტომ ამ ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებითი ფული არანაირად არ სჭირდებათ”.
