“ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტის ხელფასის გაზრდას გულისხმობს, პარლამენტის საორგანიზაციო სამსახურში არის შემოსული. ალბათ, ბიუროს შემდეგ სხდომაზე იქნება ეს საკითხი შეტანილი. თუ არ ვცდები, დათო საგანელიძის შემოტანილია,”- ამბობს ძიძიგური “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მისივე განმარტებით, მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენით გაიზრდება პრეზიდენტის ხელფასი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ხელფასის 9000 ლარამდე ზრდაზე.
“დეტალები არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გაზრდაზეა საუბარი და ეს ლოგიკურია, ვინაიდან დღეს პრეზიდენტს უფრო დაბალი ხელფასი აქვთ, ვიდრე მინისტრებს, რაც, არა მგონია, სწორი იყოს. არსებობს იერარქია, თანამდებობრივი საფეხურები. არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის და საქართველოშიც არ შეიძლება ასე იყოს. რა თქმა უნდა, მე დავუჭერ მხარს ამ ინიციატივას,”- აცხადებს ძიძიგური.
კითხვაზე, იძლევა თუ არა დღეს პრეზინდეტის ხელფასის გაზრდის საშუალებას სახელმწიფო ბიუჯეტი, უმრავლესობის წევრი ამბობს:
“არ არის ლაპარაკი მილიონებზე, ბიუჯეტს ამის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე ამას სწორად შეხვდება.”
პრეზიდენტის ყოველთვიური ანაზღაურება დღეს 4720 ლარია. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო, 2013 წლის მაისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმალობაში პრეზიდენტს სწორედ ამ ოდენობის (56 640 ლარი) ხელფასი აქვს აღებული.
რაც შეეხება მინისტრების ხელფასს, 2013 წლის მარტში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3540-დან 6300 ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფინანსებლად, შიდა ვალს 400 მილიონიდან 600 მილიონ ლარამდე ზრდის.