ეს განცხადება მან სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.
“25 წლის წინ ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფი შევიკრიბეთ და დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის მოდელზე დავიწყეთ ფიქრი. მახსოვს მაშინ ასეთი დამოკიდებულება გვქონდა, რომ კონსტიტუციაში მხოლოდ მოქალაქის მოვალეობები უნდა ჩაწერილიყო და რა შუაში იყო საერთოდ ადამიანის უფლებები, რომელსაც სადღაც ყური მოვკარით და წიგნებში ამოვიკითხეთ. უფლებების კონცეფცია ვერ გავიგეთ, რადგან მანამდე კონსტიტუცია მხოლოდ მოქალაქის მოვალეობის ჩამონათვალი იყო”– განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ 25 წლის განმავლობაში ქვეყანა სწორედ ამ კონცეფციის ტყვეობაში რჩებოდა: ერთი ხელისუფლება ამბობდა: ჯერ დამოუკიდებლობა და მერე ადამიანის უფლებები. შემდეგ მოსული ხელისუფლება ამბოადა: ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე ადამიანის უფლებები და დემოკრატია. “ვარდების რევოლუცის” გზით მოსული ხელისუფლება დეკლარირებდა, რომ ჯერ სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მოდერნიზაციაა მთავარი და შემდეგ ადმიანის უფლებებიო.
“ჩვენ ამ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. არ არსებობს სხვა რამ, რის გამოც ადამიანის უფლებების დაცვამ უნდა მოიცადოს. თუ ევროპასთან მივდივართ, უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი ევროპა სწორედ ადამიანის უფლებებია. ის ყველაფერი, რაც ჩვენ ევროპაში მოგვწონს -ცხოვრების დონით დაწყებული, დემოკრატიის ხარისხით დამთავრებული- სწორედ იმის შედეგია, რომ იქ ადამიანი ცენტრალური ღირებულებაა. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. გვინდა დავამკვიდროთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. მინდა, რომ ეს დღევანდელი ღონისძიების ერთ–ერთ საწყის ეტაპად დავინახოთ. განვლილი წელი იყო სირთულეების წელი. ის უკვე დასრულდა და დღეიდან არ არსებობს არც ერთი არგუმენტი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი. ”