ახალი ამბები

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, გამოდარებას დღის ბოლოს ვარაუდობენ

4 დეკემბერი, 2013 •
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, გამოდარებას დღის ბოლოს ვარაუდობენ

“რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა სოფელ ხევთან, სადაც გუშინ ტრაილერის მოცურების გამო შეიქმნა პრობლემა, გზის ერთ ზოლზე ტრაილერების კოლონაა ჩამწკრივებული, რომლებიც თავისი სვლით ვერ ადიან ზემოთ. ახლა მიმდინარეობს გამწევი ავტოტრანსპორტის დახმარებით მათი გაყვანა ამ ზოლიდან. ამის გამო ამჟამად მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს მანქანების გადაადგილება, პატრული არეგულირებს მოძრაობას და მორიგეობით აძლევს საშუალებას ტრანსპორტს, რომ გაიარონ”,  აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

 

მათივე ინფორმაცით, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული და აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი საჭიროა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა. ასეთივე შეზღუდვები მოქმედებს კობი–გუდაურის მონაკვეთზეც:

 

“პრობლემები იყო წალკა–ნინოწმინდაშიც, სადაც საპატრულო პოლიციამ გააფრთხილა მძღოლები, რომ იყო ქარი, ცუდი ხილვადობა, თოვლი და თავი შეეკავებინათ გადაადგილებისგან,  თუმცა აკრძალვა დაწესებული არ არის”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი და ნალექი საქართველოს ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება:

“დღეიდან უკვე ქარი შესუსტდება, უახლოეს დღეებში კი ნალექიც შეწყდება, მაგრამ 8–ში და 9–ში ისევ ცივი და ქარიანი ამინდი განმეორდება, იქნება ქარი, თოვლი და დაბალი ტემპერატურა”,  აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში ღამის საათებში 0 –1 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა +5 +7 გრადუსი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი