აგრესიულად განწყობილმა კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის ერთი კორდონის გარღვევა მოახერხეს და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. მათ მშვიდობიან აქციამდე მისაღწევად პოლიციის მხოლოდ ერთი კორდონი დარჩათ.
კონტრაქციის მონაწილეებმა დააზიანეს საგზაო ნიშნები. მათი მხრიდან ისმის ძალადობრივი მოწოდებები და ძირითადი აქციის მონაწილეების ფიზიკური ანგარიშსწორების მოთხოვნა. ისინი წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებს მისცა პარასკევს კლუბებში შეჭრის დეტალურად გამოძიების პირობა და ბოდიშიც მოიხადა, “თეთრმა ხმაურმა” შაბათამდე მიიღო აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება. მანამდე ისინი ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებას ჩასატარებელ რეფორმაზე.
მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი დემონსტრანტები ჯერჯერობით თავისუფლად ვერ ახერხებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას, რადგან ტერიტორია კონტრაქციის აგრესიულ მონაწილეებს აქვთ ალყაშემორტყმული და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან.