ახალი ამბები

სტიქიის შედეგები თბილისში (ფოტო)

3 დეკემბერი, 2013 •
სტიქიის შედეგები თბილისში (ფოტო)

ცოტნე დადიანის #26–ში მდებარე მე–4 საჯარო სკოლის ეზოში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 



დღესვe დადიანი ქუჩის 34 ნომერში ქარმა ნაძვი მოგლიჯა, რომელიც გაზის მილს დაეცა. მომხდარის გამო გაზმა გაჟონვა დაიწყო და ათამდე მეტრში მდებარე საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მომხდარიდან ცოტა ხანში უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა და შესაბამისმა სამსახურებმა დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს. მომხდართან დაკავშირებით ყაზტრანსგაზ–თბილისმა ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:

“გაცნობებთ, რომ ნაძალადევის რ-ში, ც.დადიანის ქუჩაზე, საშუალო წნევის გაზსადენზე ხის დაცემის შედეგად 3 დეკემბრის დღის 4 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ც.დადიანის ქუჩას -კინო საქართველოდან გადასასვლელ ხიდამდე, ასევე სვანეთის, ჭყონდიდელის, გომბორის, ჩხიკვაძის, კავთისხევის, დეპოს, ბეჟანიშვილის, მახინჯაურის, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას”.


ქარმა ხე ნაძალადევის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგლიჯა:

ძლიერმა ქარმა თბილისის იუსტიციის სახლის შენობაც დააზიანა: გარე პერიმტრზე სახურავის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც შენობიდან თანამშრომლების ნაწილისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა:

 

უამინდობამ პრობლემები ზანდუკელის ქუჩაზეც შექმნა:

ზანდუკელის ქუჩა– თეო ქავთარაძის ფოტო
ზანდუკელის ქუჩა – თეო ქავთარაძის ფოტო

ამაღამ სინოპტიკოსები თბილისსა და საქართველოს ტერიტორიის უმეტეს რაიონებში ყინვას ელოდებიან. როგორც ნეტგაზეთს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, ამაღამ თბილისში მოსალოდნელია –1 გრადუსი, შიდა ქართლში –5–დან –7 გრადუსამდე, კახეთში –2 გრადუსამდე, ხოლო კოლხეთის დაბლობზე –2 გრადუსამდე ტემპერატურა. სინოპტიკოსები ყინვას არ ვარაუდობენ აჭარაში. მათი პროგნოზით, ბათუმში ამაღამ ტეპერატურა 3 გრადუსამდე გათბება.

ამასთან, ნინო წვერავას თქმით, პროგნოზის მიხედვით, დღეს ამინდები უარესდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

“დასავლეთ საქართველოში ამინდი დღეს უკვე გაფუჭდა. ძლიერი ქარია დასავლეთ საქართველოში. ამ დილას ძლიერი ქარი ფიქსირდება ქობულეთსა და ბათუმში- 24 მეტრი/წამში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვიან ღამით წვიმა უნდა გადავიდეს თოვლში კოლხეთის დაბლობზე, ზღვის სანაპიროზე თოვლს არ ველით. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთაში – თოვლი,  მაგრამ ეს ყველაფერი ხვალ დღისით უკვე ჩამთავრდება და ხვალიდან გამოიდარებს”,  – ამბობს იგი და დასძენს, რომ ღამით  შესაძლებელია ქუთაისსა და ზუგდიდშიც ითოვოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ხვალიდან გამოიდარებს, უნალექო ამინდები 8 დეკემბრამდე გასტანს, რის შემდეგაც ამინდი ისევ გაუარესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი