ახალი ამბები

სამინისტროს ცნობით, ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა

3 დეკემბერი, 2013 •
სამინისტროს ცნობით, ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა

ციხეებში პატიმართა ჯანდაცვის საკითხებზე, 11 თვის განმავლობაში გატარებულ რეფორმებთან და ამ დრომდე დარჩენილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტრომ მონაცემები დღეს, 3 დეკემბერს წარმოადგინა.

 

გატარებული რეფორმის ფარგლებში, ოფიციალური მონაცემით, პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 42%-ით გაიზარდა (7- დან 12 მილიონ ლარამდე), ხოლო ამნისტიის შემდეგ, 1 წილ მსჯავრდებულზე წლიური დანახარჯი – 180 აშშ დოლარიდან 760 -მდე. სწორედ ციხეებში ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გაზრდისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე, სხვადასხვა პირებთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დააჯილდოვეს. 

 

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო საავადმყოფოებში დიაგნოსტიკის, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის მიზნით სამინისტროს ხარჯებით 5560-ზე მეტი მსაჯვრდებულია გაყვანილი, წინა წლებში რეფერალის მაჩვენებელი, სამინსიტროს ინფორმაციითვე, წელიწადში 1280-ს არ აღემატებოდა. 

 

რეფორმის ფარგლებში, საშუალოდ, 40%-ით გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მაგალითად, ექიმის ხელფასი 750-დან 1200 ლარამდე, ხოლო ექთნის ხელფასი 350-დან 750-მდე გაიზარდა. 

 

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თაკალვაძის თქმით, სისტემისთვის შემუშავდა და ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაც, რომელიც წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 1200 ადამიანის გამოკვლევას, 500 პაციენტის მკურნალობას და 5000 ადამიანის B ჰეპატიტზე ვაქცინაციას. 

 

თაკალვაძის განმარტებით, შემცირებულია ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც და ეს ციფრი 2011 წელთან შედარებით 800-დან 117-მდეა შემცირებული. 

 

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილია მონაცემები პენიტენციურ სისტემაში ფარმაცევტულ დანახარჯებზეც. აღნიშნული მონაცემებით, ფარმაცევტული დანახარჯი ერთ პატიმარზე წელიწადში 23 ლარიდან 128 ლარამდე გაიზარდა.  

 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 200-350 მსჯავრდებულს 1 სამედიცინო გუნდი ემსახურება. 

 

რაც შეეხება პენიტენციური ჯანდაცვის კიდევ ერთ საკითხს, ექიმის სრულ ავტონომიას, რომელიც წლების განმავლობაში, ამ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხად მიიჩნეოდა, სამინისიტროს ამჟამინდელი ინფორმაციით, სრულიად არის დაცული სამედიცინო სამსახურის და ექიმის ავტონომია – “სამედიცინო გადაწყვეტილებებს იღებს სამედიცინო სამსახური.” 

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობა დაიწყო, დაავადებათა ნუსხა იყო. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, დღეს, ამ დროისთვის უკვე შეიცვალა დაავადებათა მაჩვენებელი, რომელიც ავადმყოფთა შესაფასებლად გამაოიყენება.

 

თალაკვაძის განმარტებით, ეს ჩამონათვალი შესაბამისობაშია მოყვანილი საერთაშორისო კლასიფიკატორებთან.  შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 11 თვეში კომისიამ ქრონიკული ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო 100-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. 

 

მინისტრის მოადგილემ სისტემაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა დღეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე პრობლემად და გამოწვევად რჩება პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრიული დახმარება, გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი