ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად და რა ვადებში მოხდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება.
“ეს არ გულისხმობს სახელმწიფო შენობების ფასადურ გამჭვირვალობას, სადაც უმძიმესი დანაშაულები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, ეს გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, განურჩევლად მისი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური კუთვნილებისა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული:
“ჩვენ ამას ვაკეთებთ უცხოელ მეგობრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები”, – განცხადა პრემიერმა.
დღევანდელ ღონისძიებას სასტუმრო “რედისონში” ესწრება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივი რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი.
“ბატონი ჰამარბერგი ევროკავშირმა მოავლინა მმართველი კოალიციის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი თხოვნით. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში და ადგილზე ეცნობოდა ვითარებას. ბატონმა ჰამარბერგმა სექტემბერში გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად აღწერა, თუ რა დინამიკით ვითარდებოდა საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა პრობლემები იყო, რა მდგომარეობაა ახლა და რა გზა გვრჩება გასავლელი იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებს. იმისათვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ, ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვჭირდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ ეს ამოცანა რეალურად გადავჭრათ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და მათ შორის გამოყო პატიმართა წამება ციხეებში, მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევა, საკუთრების წართმევა, ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალური კონტროლი, ნაციონალურ მაუწყებლების კონტროლი, ძალადობა და დაშინება არჩევნების დროს, სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და ა.შ.
“ეს არის მოკლედ ის მძიმე სურათი და ვითარება, რომელიც ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვხვდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ და ერთი ხელის მოსმით ამის გამოსწორება შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გაცილებით იმაზე მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო, ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი წნეხისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის ხელისუფლების რუპორია. მთლიანად აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში, საკუთრება დაცულია, ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას და ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე თვის წინ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, საჯაროდ იქნა განადგურებული ათასობით საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საქართველოში ცხოვრების.
ჩვენი ხელისუფლება ძალას არ იშურებს, რათა დაამკვიდროს განცდა იმისა, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. სახელმწიფო პოლიტიკა გახდა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული, დაიწყო მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებში. დაბოლოს, ჩვენ ჩავატარეთ უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა ევროპული სახელმწიფოს აშენება:
“რაც, პირველ რიგში, დემოკრატიის მაღალი ხარისხის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას გულისხმობს. ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ არა მარტო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობა ან უვიზო რეჟიმი გვიზიდავს, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ევროპისთვის მთავარი ღირებულებაა – ადამიანი. აღარაფერს ვამბობ იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ოდითგანვე გვაკავშირებს ევროპასთან”.