კერძოდ, პირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ პარლამენტი მიმდინარე წლის დეკემბერში მოახდენდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის რატიფიცირებას, ხოლო ბოლო ვერსიაში ზუსტი თარიღი აღარ ფიქსირდება და ნათქვამია, რომ “პარლამენტი სულ მალე მოახდენს” ამ კონვენციის რატიფიცირებას.
თავდაპირველ ვერსიაში საუბარი იყო მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეტაპობრივად განხორციელდებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შეფასების სისტემის „სამედიცინო“ მოდელიდან „სოციალურ“ მოდელზე გადასვლა:

“სოციალური მომსახურების დაწესებულებათა ქსელის განვითარება დაემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს… მინდა აღვნიშნო, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით მთავრობა შემდეგი 3 წლის განმავლობაში გამოყოფს 43,6 მლნ ლარს, სხვადასხვა ყოველთვიური ფულადი გასაცემლების სახით – 618 მლნ ლარს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით – 248,4 მლნ ლარს”.
განცხადების ბოლო ვერსიაში ეს ნაწილი აღარ ფიგურირებს და მთავარ პრობლემად იდენტიფიცირებულია საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების, ქუჩებისა და გადასასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობა ისე, რომ შშმ პირებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად:
“სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მოამზადა და უახლოეს მომავალში დაამტკიცებს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს“.
ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციის, ინდივიდუალური განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა და მშენებლობის პროცესში ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინება.
საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა იმისათვის, რათა მაქსიმუმი გაკეთდეს ჩვენი თანამოქალაქეების – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადების ბოლო ვერსიაში.
რატომ შეცვალა პრემიერმა განცხადების ტექსტი? – ამ კითხვაზე პასუხად პრემიერის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს თავად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო, რადგან მან არ მიიჩნია მიზანშეწონილად წინმსწრებად იმ ციფრებსა და ვადებზე საუბარი, რაც, როგორც გაირკვა, ჯერ არ იყო საბოლოოდ შეთანხმებული მთავრობის შიგნით.
შესაბამისად, უცნობია, როდის დაამტკიცებს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს“, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა დაეფუძნოს შშმპ უფლებების გაეროს კონვენციის პრინციპებს. ასევე, უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის მოახდენს პარლამენტი ამ კონვენციის რატიფიცირებას.
