2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-დან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 49 ქულა აქვს. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51–ე ადგილს იკავებდა.
კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ეზე, ხოლო ლატვია 49-ეზე), მაგრამ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას – ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას (რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ), სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს (რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ), ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა. სომხეთი 94-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იყოფენ.
2013 წლის შედეგებით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი ზომები უნდა გაატაროს:
– გააძლიეროს პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კონკურენციის სააგენტოსა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობები, უზრუნველყოს ისინი სათანადო რესურსებით და არ დაუშვას არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა ამ უწყებების მუშაობაში;
– დაამყაროს სათანადო დემოკრატიული კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე და სამინისტროს შეუზღუდოს ქვეყანის მასშტაბით სატელეფონო და ინტერნეტის საშუალებით წარმოებული კომუნიკაციის ოპერატიული კონტროლის შესაძლებლობა. ელექტრონულ კომუნიკაციაზე თვალთვალის წარმოების მკაცრი გაკონტროლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქტივისტების, ჟურნალისტების, იურისტებისა და ზოგადად საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ მამხილებლებს საშუალება ჰქონდეთ, უშიშრად მიაწოდონ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებსა და ამ საკითხებზე მომუშავე ანტიკორუფციულ ორგანოებს;
– შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომლის მოვალეობა იქნება პრევენცია, გამოძიება და საზოგადოების განათლება;
– გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგანაც დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს, შესაძლოა, მეტი ავტონომია და რესურსები მიენიჭოთ;
– აღმოფხვრას კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხარვეზები, რომლებიც მთავრობას და მთავრობის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს საშუალებას აძლევს, რომ კონტრაქტები ელექტრონული შესყიდვების არსებული გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით და ტენდერების გარეშე დადონ;
– იზრუნოს კორუფციის იმ რისკების შემცირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობასთან და საჯარო თანამდებობების ზოგიერთი კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებასთან;
– უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალე მართვა, რადგანაც თავდაცვის ხარჯები წლების მანძილზე საქართველოში კორუფციის რისკების მნიშვნელოვან სფეროდ რჩება;
– დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რათა მან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების მიუკერძოებლად განხილვა შეძლოს;
– გააუმჯობესოს პარლამენტის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ზედამხედველობის უნარი, განსაკუთრებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებთან მიმართება.