ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან 15-მდე მოქალაქე მართავს აქციას “არა ნარკოტიკს!”

13 მაისი, 2018 • 4714
მთავრობის კანცელარიასთან 15-მდე მოქალაქე მართავს აქციას “არა ნარკოტიკს!”

ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე თანამოაზრეებთან ერთად თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მართავს აქციას, სახელწოდებით: “არა ნარკოტიკს!”

ადვოკატები ნარკოპოლიტიკის და ნარკოდანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. ისინი მოუწოდებს ყველას, ბევრი მსგავსი აქცია გამართონ.

მათთან ერთად მყოფი მოქალაქე ოთარ გუჯეჯიანი ჟურნალისტებს ურიგებს საკუთარ წიგნს ნარკომანიის შესახებ, რომელსაც “ივერიის გოდება” უწოდა. აქციას 15-მდე ადამიანი ესწრება.

ამონარიდი წიგნიდან “ერის გოდება”. გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

ამონარიდი წიგნიდან “ერის გოდება”. გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

12 მაისს თბილისში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა ღამის კლუბებში სპეცრაზმის ქმედებები, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. მათ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და იმ პირთა დასჯა მოითხოვეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კლუბებში შეჭრაზე.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის დასრულებას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი