ახალი ამბები

“უკრაინის ადგილი ევროკავშირშია’ – აქცია თბილისში (ფოტო/ვიდეო)

2 დეკემბერი, 2013 •
“უკრაინის ადგილი ევროკავშირშია’ – აქცია თბილისში (ფოტო/ვიდეო)

ასეულობით ადამიანმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებმა, უკრაინელმა, ასევე პოლონელმა ტურისტებმა და საქართველოს მოქალაქეებმა კიევში ევროინტეგრაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოუცხადეს სოლიდარობა და კრემლის ქმედებები დაგმეს:

“ის მოვლენები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენთვის კარგი მაგალითია იმ კუთხით, რომ სანამ ჩვენც მივალთ მაგ ეტაპამდე [ასოცირების ხეშეკრულების ხელმოწერამდე], უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ფაქტორი. სოლიდარობის მიზნით მოვედი აქციაზე და მინდა, რომ ის მოხდეს უკრაინაში, რაც ხალხს სურს. ძალიან რთულია, როდესაც პოლიტიკოსები თავისი გადაწყვეტილებებით ხალხს რაღაცებს აძალებენ… იქ სისხლიც დაიღვარა, უკრაინელი მეგობრები მყავს, ყოველდღე ვუკავშირდები და ძალიან სახიფათო მდგომარეობაა იქ და ეს ჩვენი სოლიდარობა სიმბოლური მხარდაჭერაა მათდამი”, – ამბობს აქციის მონაწილე ალეკო გიორგიძე, 33 წლის პედაგოგი.

“უკრაინაში დღეს წყდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალი, არამედ ყველა იმ სახელმწიფოსი, ვისაც თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება უნდა, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება ევროპის კავშირის ნაწილად ქცევაში. იანუკოვიჩის მთავრობამ ძალიან არასწორი არჩევანი გააკეთა და ხალხი, რასაც ჰქვია, ყალყზე დადგა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლის ფინალი ევროპული და თავისუფალი იქნება”, – ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი, და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ასეთ რჩევას აძლევს:

“ღიად გამოუხატოს მხარდაჭერა უკრაინის ხალხს, რადგან უკრაინელები მარტო თავისთვის არ იბრძვიან, ისინი პოსტსაბჭოთა ყველა იმ სახელმწიფოსთვის იბრძვიან, რომელსაც ასევე უნდა თავისუფლება. უკრაინელები მარტოები არ არიან, ჩვენ მათთან ერთად ვართ. [საქართველოს მთავრობამ] მათ მხარდაჭერა რამენაირად უნდა გამოუცხადოს, მესმის, რომ პოლიტკორექტულობას იცავენ, მაგრამ ნამეტანი ჩაჩუმებლობა არ შეიძლება”.

მანანა ნაჭყებია აციაზე
მანანა ნაჭყებია აციაზე

დღევანდელ აქციას, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დეპუტატები არ დასწრებიან. პოლიტიკური სპექტრიდან რუსთაველზე ოპოზიციონერები- გიორგი ვაშაძე და ახალი მემარჯვენეები მივიდნენ:

“ჩვენი აქ მოსვლა იმის მანიშნებელია, რომ ახალი მემარჯვენეები ბოლომდე ერთგულები არიან იმ კურსის, რომელიც პარტიის შექმნის დღიდანვე დაისახეს და სწორედ ჩვენი ფრაქცია იყო 2002 წელს პარლამენტში იმ რეზოლუციის ინიციატორი, რომელმაც დააფიქსირა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის უცვლელობა. დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ საკუთარ ევროპულ გზასაც ვუცხადებთ მხარდაჭერას. ჩვენ პრაქტიკულად ერთნაირი გზა გვაქვს გასავლელი, წინააღმდეგობებიც ერთნაირია და როგორც ეს ყველაფერი უკრაინაში გადაწყდება, დაახლოებით იგივე მოელის საქართველოსაც”, – აცხადებს მანანა ნაჭყებია “მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი.

უკრაინის ევროპული კურსისადმი მხარდასაჭერ აქციას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი ემზარ გოგუაძე, პოლიტოლოგი გია ნოდია, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ნინო კალანდაძე, მწერალი დავით ტურაშვილი. აქციას ასევე შეუერთდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერალი ივანა მელაიც, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა გაკრიტიკა.  მელაისა და ერთ–ერთ მომიტინგეს შორის შელაპარაკებაც მოხდა, ერთ–ერთმა დემონსტრანტმა მელაია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ეს უკანსკნელი რუსულ ენაზე საუბრობდა. პროტესტერის მტკიცებით, რუსული ოკუპანტის ენაა.






მასალების გადაბეჭდვის წესი