ახალი ამბები

რუსთაველის გამზირი გაიხსნა – საავტომობილო მოძრაობა აღდგა

13 მაისი, 2018 • 2420
რუსთაველის გამზირი გაიხსნა – საავტომობილო მოძრაობა აღდგა

პარლამენტის შენობის წინ აქცია მთელი ღამე გაგრძელდება, თუმცა რუსთაველის გამზირი 01:00 საათისთვის უკვე გახსნილია და ორივე ზოლში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

მკაცრი ნარკოპოლიტიკისა და კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა 18:30 საათისთვის მთლიანად დაიკავეს რუსთაველის გამზირი, შესაბამისად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებული იყო.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი