სომხეთის მედიის ცნობით, პოლიციამ პარტიების- “თავისუფალი დემოკრატების”, “მემკვიდრეობის” და “აიზანის” წარმომადგენლები დააკავეს, თუმცა საპროტესტო აქცია ერევანში კვლავაც გრძელდება: აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას და პრეზიდენტის რეზიდენციამდე მისვლას ცდილობენ. 

 

აქცია ვლადიმერ პუტინის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით და სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ერევანში დღეს მთავრობის სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: “სერჟიკ – მოღალატე!” “წადი შენს პუტინთან!” “პუტინ, Go Home!” “F*ck, პუტინ”.

 

საპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში

რუსეთის პრეზიდენტმა კი თავის სომეხ კოლეგასთან ერთად გიუმრში უკვე მიიღო მონაწილეობა რაზდანის ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვების საზეიმო ღონისძიებაში, ხოლო შემდეგ რუსეთ-სომხეთის რეგიონული ფორუმი გახსნა.

 

პუტინის თქმით, საბაჟო კავშირის წევრობას რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსისთვის უკვე მოაქვს მოგება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2013 წელს ამ ქვეყნებში მშპ 1.7%-ით გაიზარდა.

 

ამას გარდა, პუტინის თქმით, რუსეთი აპირებს პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში, მათ შორის, სომხეთში.


3 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა გაწევრიანდეს ევრაზიის საბაჟო კავშირში, რის შემდეგაც ევროკავშირისგან სომხეთს უარი ეთქვა ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე, რაც უნდა მომხდარიყო ვილნიუსის სამიტზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *