როგორც საგანელიძემ დღეს, 2 დეკემებრს, ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე საკითხი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე განიხილეს. საგანელიძე ამტკიცებს, რომ მან ამ თემაზე თავისი მოსაზრება მხოლოდ რამდენიმე მეგობარს გაუზიარა:
“ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ერთ რამეში, რომ უკვე 15 წელია თითქმის პარლამენტში ვარ, მე–4 მოწვევის პარლამენტია ჩემთვის ეს და ალბათ ოდესღაც უნდა დადგეს ის მომენტი, როცა დათო საგანელიძე პოლიტიკიდან დაუბრუნდეს იმ საქმიანობას რითიც დავიწყე: პროფესიით ექიმი გახლავართ, წლებია ბიზნესში ვიყავი, როცა ბიზნესში ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ მოვყევი, წავედი პოლიტიკაში, რომ გარკვეულად ბიზნესი დამეცვა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობა გარკვეულად შევასრულე, აგური თუ არა, კენჭი მაინც დავდე იმ საქმეში, რასაც ჰქვია ქვეყანაში სამართლიანი ხელისუფლების მოსვლა და ალბათ, როდესმე… ამ პარლამენტის ციკლის დამთავრების შემდეგ შეიძლება მე ვთქვა, რომ ისევ დავუბრუნდები ჩემ ძველ საქმიანობას. ჯერჯერობით არ ვიცი, ეს იქნება მედიცინა თუ ბიზნესი. შეიძლება გადავიფიქრო და დავრჩე პოლიტიკაში. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ზეგ, ხვალ, ერთ თვეში და ორ თვეში ამას ნამდვილად არ ვაპირებ, ამიტომ, თუ ვინმეს ეს გაუხარდა, ტყუილად გაუხარდა, თუ ვინმეს ეწყინა, ტყუილად ცხვირს ნუ ჩამოუშვებს”, – განაცხადა საგანელიძემ.
პარლამენტში საგანელიძის თანაგუნდელმა, ზურაბ ტყემალაძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ციკლის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ერთ–ერთ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა. ეს იყო საპრეზიდენტო არჩვნების შემაჯამაბელი შეხვედრა კოალიციის ლიდერებს შორის.
საგანელიძის მტკიცებით, მისი ფიქრი პოლიტიკის დატოვების თაობაზე არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უმრავლესობის ლიდერს “ქართული ოცნების” დეპუტაციის ერთ ჯგუფთან დაპირისპირება აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა ალიამ გაავრცელა.
“ეს აგორებული თემა მხოლოდ ერთი გაზეთისგან და ჟურნალისტისგან მოდის და ამ ჟურნალისტთან ასოცირებულ რამდენიმე პარლამენტარისგან, 2–3… დანარჩენი, ვთქვათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14-მა კაცმა მოაწერა ხელი [წერილს საგანელიძის წინააღმდეგ], ძალიან გთხოვთ, ამ 14 კაცს მიმართოთ, რომ ვინმესგან მოვისმინოთ ამ თემის სიმართლე. მინდა გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკმაოდ შეკრულია. მე განსაკუთრებით მკაცრი ვიყავი იმ პერიოდში, როცა ჯერ საპარლამენტო, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბებს ვხელმძღვანელობდი. იქ ვიყავი ძალიან მომთხოვნი და ბევრ თემას მე დამოუკიდებლად ვწყვეტდი. შედეგი თქვენ თვითონ ნახეთ და დათვალეთ. თუ ვინმეს ეს არ მოეწონა, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ალბათ ერთი–ორი ადამიანის გარდა არ დარჩა არავინ, ვინც ეს სწორად არ გაიგო’, – განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ მასსა და მის კოლეგებს შორის პარლამენტში კარგი ურთიერთობა არსებობს.
მან არ დასახელა იმ 2–3 დეპუტატის ვინაობა, “ვინც შტაბში მისი სიმკაცრე არასწორად გაიგო”.
“ამას ალბათ თქვენ უკეთესად მიხვდებით და გაარკვევთ”.
ურავლესობის ლიდერის მტკიცებით, ამ ადამიანებს შორის არ არის ზაქარია ქცუნაშვილი, რომელმაც ჯერ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საართველოს” ფრაქცის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, შემდეგ ინტერფრაქციული ჯგუფის, და არც “ქართული ოცნების” პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში აურჩევიათ:
“ზაქარიაზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. იგი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი და კარგი იურისტია და ისიც მინდა გითხრათ, რომ იგი ძალიან ერთგულია “ქართული ოცნების” და თავისი საქმის”, – განაცხადა საგანელიძემ.
“ნეტგაზეთის” კითხვას, მაშინ რატომ მოუწია ქუცნაშვილს ზემოხსენებული პოსტების დატოვება, იგი ასე პასუხობს:
“ზაქარიამ მხოლოდ ერთი თანამდებობა დატოვა ფრაქციის გადაწყვეტილებით, რომელზეც იყო საუბარი, რომ ფრაქციას გარკვეულად საგარეო ურთიერთობებში უნდა ჰქონდეს დატვირთვა. რაც შეეხება მეორე თანამდებობას [ინტერფრაქციული ჯგუფი], აქ მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. ახალ პოლიტსაბჭოში კი ძველი პოლიტსაბჭოდან 14–15 ადამიანი ვერ მოხვდა, იქ ვერ მოხვდნენ სხვა ძალიან ღირსეული და ავტორიტეტული ადამიანები, ამიტომ ეს ამ საკითხთან არაფერ კავშირშია”, – განაცხადა საგანელიძემ.