დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შაბათს გავრცელდა ინფორმაცია კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი მომიტინგების ძალადობრივი გზით დარბევის შესახებ.
“ფეისბუქში” დაგეგმილი აქციის გვერდზე ნათქვამია, რომ უკრაინას მხარდაჭერა და თანადგომა ჭირდება:
“უკრაინელ მეგობრებს მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ, ისინი საშინელი, თავხედური ძალადობის პირისპირ მარტონი არ უნდა იყვნენ. დავდგეთ მათ გვერდზე, გავამხნევოთ ისინი, ვისაც ახლა ძალიან უჭირს, ვაჩვენოთ, რომ მათთან ვართ. მოდით!”
დღევანდელ აქციას საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. აქციაზე იმყოფებოდა პარლამენტარი გიორგი ვაშაძეც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაარბია. აქცია უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაკავებულია აქციის 35 მონაწილე, ათეულობით მონაწილე კი დაშავდა.
უკრაინას ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირძთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, ამისათვის უკრაინის პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ–მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული კანონი არ მიიღეს.
ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსულმა ზეწოლამ აიძულა იგი უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება.
“მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიბლოკება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ხელისუფლებას, მიიღოს ანტიეროვნული გადაწყვეტილება”,– ამბობს ოპოზიციონერ ვიტალი კლიჩკო.
აქციის მონაწილეების დარბევას უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიძიონ ღამით განვითარებული მოვლენები და დააკისრონ პასუხისმგებლობა მას, ვინც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებდა
ვიქტორ იანუკოვიჩმა დაგმო ოპოზიციის მიმართ ძალადობრივი ქმედებები და იგი გენერალური პროკურორისგან გამოძიების სწრაფად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ამ წუთებში კიევში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
~