სამედიცინო პერსონალის მიერ დისკრიმინაციულ მიდგომებზე აივ ინფიცირებული პაციენტების მიმართ დღეს, 30 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბენეფიციარმა თავად ისაუბრა სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილ პრობლემებზე.
მისი განმარტებით, წარმატებული ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით, ის თავს ჯანმრთელად გრძნობს და სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა.
“ბავშვობიდან ალერგიული ვარ. 16 ნოემბერს ალერგიული შეტევის გამო სასწრაფომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადამიყვანა (კლინიკის სახელწოდებას არ ასაჯაროვებს), თუმცა, როდესაც ექიმს გავუმხილე, რომ აივ დადებითი ვარ, მან სამედიცინო მომსახურებაზე უარი მითხრა.”
პაციენტის განმარტებით, მის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოხატეს კლინიკის სხვა ექიმებმა, კლინიკაში პრაქტიკაზე მყოფმა სტუდენტებმა და დაცვის თანამშრომლებმა. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, ხარჯების ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიამ მას უარი განუცხადა. მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამავე სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი პრობლემა შეექმნა.
პაციენტს ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვს გადაწყვეტილი, დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას აღნიშნული კლინიკის ან მედპერსონალის წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ და მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.
“ამ საკითხზე ჯერ ვფიქრობ. მგონია, რომ სასამართლომდე მივა ეს საქმე, ამ პრეცედენტით, მომავალში სხვა აივ დადებითი პაციენეტების უფლებები აღარ დაირღვევა ექიმთა მხრიდან.”
კლინიკასთან მისი სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება ისიც გახდეს, რომ მისი ნებართვის გარეშე მასთან პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტები შეიყვანეს და მათ პაციენტის აივ სტატუსის შესახებ აცნობეს.
კანონმდებლობით, 2009 წლის შემდეგ პაციენტს აღარ აქვს ვალდებულება ექიმს მისი აივ სტატუსის შესახებ განუცხადოს.
“არც ამჯერად ჰქონდა ამ პაციენტს ექიმისთვის ამის თქმის ვალდებულება, თუმცა ექიმი ხელთათმანის გარეშე იყო და იმისთვის, რომ თავად ექიმი დაეცვა, ამიტომ გაუმხილა,”- ამბობს შიდსის ცენტრის წარმომადგენელი.
ის, რომ სამედიცინო პერსონალის ნაწილის მიერ მსგავს დისკრიმინაციულ მიდგომებს აქვს ადგილი, ადასტურებენ პროექტ “Positive Power”-ის წარმომადგენლებიც – პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებულ გამოკითხვაში 20 -მდე აივ დადებითი რესპონდენტი ადასტურებს მსგავს გამოცდილებას.
შიდსის ცენტრის წარმადგენელი მაია ცინცაძე აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ მსგავი პრაქტიკა ორსულთა შემთხვევაშიც ჰქონდა. მისი განმარტებით, ერთ-ერთმა სამედიცნო დაწესებულებამ აივ დადებითი სტატუსის მქონე მშობიარეები მხოლოდ შიდსის ცენტრის ჩარევის შემდეგ მიიღო.
ექიმები და აივ საკითხებზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ მსგავსი დისკრიმინაციული დამოკიდებულება მათ ცოდნასა და კვალიფიკაციას უკავშირდება – ექიმთა ნაწილმა არ იცის, რომ აივ ინფიცირებულის მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, სპეციალისტები ექიმთა ირაციონალურ და დაუსაბუთებელ შიშზეც საუბრობენ.
ერთ-ერთი ბენეფიციარის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისთვის ექიმს უთქვამს, რომ აივ ინფიცირებულის მიღებით კლინიკა კლიენტებს დაკარგავს.
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.