“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც 12 მაისს, გამთენიისას, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს, გათავისუფლებულია.
ჯაფარიძემ დაკავების დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ჯერ მანქანაში “მუსიკები ასმენინეს”, შემდეგ კი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
ჯაფარიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას დაკავების ზუსტი მიზეზი ვერ უთხრეს. მისი აზრით ის სიტუაციას გაარიდეს.
ჯაფარიძემ 12 მაისს თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია შეაფასა:
“ის, რაც ვნახეთ ჩვენ ყველამ, მოვლენები როგორც განვითარდა ჯერ “ბასიანში” და შემდეგ პარლამენტის შენობის წინ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. მე მგონი, არავინ ამ ქვეყანაში სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან მსგავსს არ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, გარდა იმისა, რომ პოლიცია ცდილობს გააპრავოს ის, რაც მათ ღამე ჩაიდინეს, იყო იმისთვის, რომ რეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების.-ადამიანებს როგორ ურტყამდნენ, როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის მეც. ცხრაასი კამერა იღებდა, ყველამ ნახა, რომ არაფერი არ დამიშავებია, ერთადერთი, რასაც ვითხოვდი იყო ის, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს და დამელაპრაკოს-მეთქი. ამის გამო ამწიეს ჰაერში და გამაქანეს. სამი საათი გავატარე პოლიციის განყოფლებაში. მშვიდად, წყნარად, ძალიან კარგად მექცეოდნენ, ვისაუბრეთ ბევრ რაღაცებზე.
წესით, თუ ვინმეს კიდევ ილუზიები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს და ხელისუფლებაში არსებობენ რაღაც პროგრესული ძალები, მე მგონი, ეს ილუზიები დამთავრდა ყველასთვის. გუშინ ძალიან გასაგებად, სახელმწიფომ და კონკრეტულად ამ ხელისუფლებამ გაგვცა ყველას პასუხი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლებოდა. გვითხრეს არა უბრალოდ არა, არამედ გვითხრეს, რომ უფრო ველურები და უფრო თავხედები ვიქნებით, ვიდრე აქამდე ვყოფილვართო”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძემ ახალგაზრდებს ძველი პარლამენტის შენობასთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს, 12 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება.
“ახლა რაც ხდება, ეს აღარ არის მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ამბავი. ჩვეულებრივი, ცივილიზაციური ომია და გასარკვევია კონკრეტული ამბავი – ჩვენ უნდა ვიცხოვროთ გუგული მაღრაძის და ზაქარია ქუცნაშვილის ქვეყანაში, თუ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება. იმიტომ, რომ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენ თანაცხოვრება არ შეგვიძლია. ჩვენ მათ არ ვუვარდებით სახლში, ისინი გვივარდებიან იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
უნდა დაინახონ ძალა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი ადამიანი და მე იმედი მაქვს რომ ესენი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ეტყვიან ამ ხალხს რომ ჩვენც ვცხოვრობთ აქ და ეს ქვეყანა ჩვენიც არის. ჩვენ მათ არსად არ ვყრით, მათგან განსხვავებით არ ვუშლით მათ ცხოვრებაში, მაგრამ მათ უნდა გვაცადონ ჩვენ ცხოვრება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
- სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
- როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
- სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
- დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
- აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.