ახალი ამბები

გვარჯალაძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე: ეს არის ძალიან ცუდი ფორმა და მიუღებელია

12 მაისი, 2018 • 4341
გვარჯალაძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე: ეს არის ძალიან ცუდი ფორმა და მიუღებელია

სერგი გვარჯალაძე, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის “ღამის ეკონომიკის განვითარების” ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დანიშნა, რუსთაველის გამზირზე მივიდა. აქ აქციას მართავენ კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” მყოფი ახალგაზრდები, ასევე, სხვა მოქალაქეები და აპროტესტებენ 12 მაისს, შუაღამისას, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სამართალდამცავთა ქმედებებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკას.

“ინფორმაცია არ მაქვს იმის გარდა, რაც გამოქვეყნებული იყო 40 წუთის წინ. ვფიქრობ, რომ ეს ფორმა, რომელსაც მესამე საათია ვუყურებთ, არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, აი, ის, რაც ახლა ახდება. არ ვიცი, რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას. ერთადერთი ის ინფორმაცია მაქვს, რაც გამოქვყნდა, მაგრამ ფაქტია, ასეთი სიტუაცია არავისთვის არ არის მომგებიანი კი არა, დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. როდესაც ვიცით, რომ ეს არის ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. აქ მყოფთა უმეტესობა არ არის მომხრე ნარკოტიკების და არაჯანსაღი ცხოვრების. ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ მეტი ინფორმაცია მექნება ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ სერგი გვარჯალაძეს, როგორც მერიის მაღალჩინოსანს, რომელიმე მაღალჩინოსანთან დარეკვა და გარკვევა სთხოვა, პოლიცია უმიზეზოდ რატომ აკავებს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს და სად მიჰყავთ ისინი. აღნიშნულზე სერგი გვარჯალაძემ უპასუხა:

“მე იმ ნომრებზე დარეკილი მაქვს. კახა კალაძის ნომერი არა მაქვს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ვისთანაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, ყველასთან დავსვი”.

როგორც გვარჯალაძე ამბობს, ვერ ხვდება, რა ხდება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოიძიებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” ერთდროულად დაიწყეს. კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს და, როგორც შსს ამბობს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დაკაავეს. თუმცა, სპეცოპერაციის პარალელურად, პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდების დაკავება დაიწყო. მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულია. ადგილზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა “ბასიანთან” შეკრებილები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ აქაც არ მისცა აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალება, რა დროსაც არაერთი პირი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი