“შავი პარასკევი” აშშ–ში ტრადიციულად მადლიერების დღის მომდევნო დღეს დგება. ამ დღესთან დაკავშირებით ამერიკაში მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების დიდი ნაწილი გამთენიისას იხსნება, ხალხი კი რიგის დაკავებას ღამე იწყებს. რიგები იმდენად დიდია, რომ “შავ პარასკევს” უამრავი ადამიანი ტრავმას იღებს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რიგში დგომა ადამიანის გარდაცვალებითაც დასრულებულა.
მაღაზიები ამ დღესთან დაკავშირებით ფასებსა და ფასდაკლებებს წინასწარ აანონსებენ, შავი პარასკევის ინტერნეტ–გაყიდვების ლიდერები არიან: Walmart, Target, Amazon.com და Best Buy. ამ საიტებზე პროდუქცია შესაძლოა 50% და 70%–იან ფასდაკლებითაც კი შეიძინოთ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მაღაზიები არა მხოლოდ ამ დღეს, ფასდაკლებულ საქონელს მთელი კვირის მანძილზე ყიდიან.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაერქვა ამ დღეს “შავი პარასკევი”, ამის თაობაზე ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა ეს ტერმინი გამოიყენა სწორედ მაღაზიებში არსებული რიგების, მყიდველთა ხალხმრავლობით გამოწვეული დიდი საცობებისა და არეულობების აღსაწერად. მეორე ვერსიის თანახმად კი, მეწარმეები ბუღალტერიის წარმოებისას წითელი და შავი ფერის კალამს იყენებდნენ. წითლით აღნიშნავდნენ წაგებას, შავით – მოგებას. ნოემბრის ბოლო პარასკევი კი ყოველთვის მომგებიანი იყო და ბუღალტრულ ანგარიშგებებში იწერებოდა შავი კალმით.