ახალი ამბები

ომბუდსმენი: მაქვს კითხვები კლუბებში სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით

12 მაისი, 2018 •
ომბუდსმენი: მაქვს კითხვები კლუბებში სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი სპეცოპერაციის მიმდინარეობას შეისწავლის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლომჯარია აპირებს მოინახულოს ყველა ის ადგილი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

“ამ ეტაპზე მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც ვრცელდება მედიაში. მე ვაპირებ, რომ პირადად ვნახო ის ადგილები, სადაც მოხდა სპეცოპერაცია, მაქვს კონტაქტი შსს-თან, ვაპირებ, რომ შეხვედრის შემდეგ მივიდე და გავესაუბრო მათ დამატებითი ინფორმაციის მოწოდების თაობაზე,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო სპეცოპერაციის ჩატარება კლუბებში ამ დროსა და ამ ფორმით აუცილებელი. გარდა ამისა, როგორც ლომჯარია ამბობს, დაკავებულების ადგილმდებარეობის დაზუსტებასა და მათ მონახულებას გეგმავს.

“ვისმენ პოლიციის მხრიდან მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს, რასაც აუცილებლად შევისწავლით. ამ ეტაპზე ვართ ფაქტების შესწავლის და გადამოწმების პროცესში,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს, 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცრაზმი შევიდა. როგორც შსს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების 8 გამსაღებელი დააკავეს. მათი განცხადებით, სამინისტრო  3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი