ახალი ამბები

სახელმწიფო შენობებში მცხოვრებთათვის შემწეობის მიღების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

11 მაისი, 2018 • 1701
სახელმწიფო შენობებში მცხოვრებთათვის შემწეობის მიღების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებებში უკანონოდ მცხოვრებ უსახლკაროებს შემწეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ.

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ვერ იღებდნენ შემწეობას, რადგან მთავრობას სურდა დაეცვა სახელმწიფო საკუთრება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ლეგიტიმურია მთავრობის მიზანი, დაიცვას სახელმწიფო საკუთრება, თუმცა ამ სარჩელში განიხილავდა არა ამ მიზნის ლეგიტიმურობას, არამედ იმას, რომ ხომ არ იყო არაკონსტიტუციური ის საშუალება, რითიც სახელმწიფო მიზნის მიღწევას ცდილობდა.

სასამართლომ განმარტა, რომ შემწეობა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო, არის არსებობისთვის აუცილებელი და მისმა არმიღებამ, შესაძლოა, შექმნას ჩრდილოვანი მოქალაქეების წრე, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ შემწეობა სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ გადარჩენისა და საზოგადეობაში ინტეგრაციისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას.

“განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო, იმისათვის, რომ მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობას, მის მოწყვლადობას კონკრეტული საჯარო მიზნის მიღწევის საშუალებად და ხსენებული a priori აქცევს სადავო ნორმას ადამიანის ღირსების შემლახველად”, – წერს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა მის ვებგვედრზე.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, რადგან განსხვავებულად ეპყრობა ერთნაირი საჭიროების მქონე პირებს.

“სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს”, – წერს სასამართლო.

მოსამართლეები იყვნენ თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე, თამაზ ცაბუტაშვილი. აღნიშნული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს თამარ თანდაშვილმა მიმართა. თანდაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ ბეგაძე იცავდა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ეს ნორმა ადამიანებს განიხილავდა საშუალებად მიზნის მისაღწევად. ასევე, არ უტოვებდა არჩევანის შესაძლებლობას, რადგან საცხოვრებელი შენობის დატოვების შემდეგაც, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო, მათ მაინც უარს ეტყოდნენ სოციალურ შემწეობაზე.

მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ დადგენილება დისკრიმინაციული იყო,  რადგან სოციალურ შემწეობაზე უარს იმიტომ ეუბნებოდნენ, რომ სხვა სოციალურად დაუცველებისგან განსხვავებით, რომლებიც არ ცხოვრობდნენ სახელმწიფო შენობებში, სოციალურ შემწეობაზე უარს ეუბნებოდნენ.

მოსარჩელის აზრით, თანასწორობის უფლებაში ჩარევა და მისთვის სოციალური უზრუნველყოფის უფლების ჩამორთმევა მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად ვერ ჩაითვლება.

მოპასუხე მხარე, საქართველოს მთავრობა კი განმარტავდა, რომ  აღიარებს იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც უკიდურესი აუცილებლობის გამო შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ამოსავალი ხედვა, ამ შემთხვევაში, არის სახელმწიფოს დაინტერესება კონკრეტული ქონების მიმართ.

მთავრობა განმარტავდა, რომ დიფერენციაცია ხდება კონკრეტული ქონების მიმართ ეკონომიკური დაინტერესებიდან გამომდინარე და არ უკავშირდება ამ ქონებაში უკანონოდ მცხოვრებ პირთა სოციალური საჭიროებებს თუ სხვა პიროვნულ მახასიათებლებს.

მთავრობა განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით შემდგომი ინვესტირება ისევ საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული.

საკონსტიტუციო სარჩელით “ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 და მე–17 მუხლებთან შეუსაბამობის გამო იყო გასაჩვრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი