ახალი ამბები

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პარაფირებულია

29 ნოემბერი, 2013 •
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პარაფირებულია

დღეს, 29 ნოემბერს, ვილნიუსში დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა ევროპელმა კოლეგამ, კეტრინ ეშტონმა მოაწერეს. პარაფირებული შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ზონას ეხება, ხელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა მოაწერს.

 

პარაფირების ტექნიკური პროცესი გუშინ დასრულდა, როდესაც 1000–გვერდიანი დოკუმენტის ყველა გვერდს მოაწერა ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა.

 

ეშტონმა და ფანჯიკიძემ ასევე ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელიც ევროკავშირის კრიზისის ოპერაციების მენეჯმენტში ქართული მხარის ჩართვას ითვალისწინებს.

 

პარაფირების ცერემონია “შალახოს” ფონზე გაიმართა, ხოლო კრიზისების მართვის ხელშეკრულების ხელმოწერას ფონად გასდევდა “სულიკოს” აკომპანიმენტი. დარბაში ასევე ისმოდა ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია.

 

მარგველაშვილი
მარგველაშვილი

ცერემონიის ფარგლებში დარბაზში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებების პარაფირება წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და საქართველოსთვის გახსნის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვებისათვის.

 

 „მინდა მივულოცო საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოლდოვასთანაც დაასრულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი