ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: პატიმრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

29 ნოემბერი, 2013 •
ნანა კაკაბაძე: პატიმრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მხოლოდ მე–8 საპყრობილეში 100–ზე მეტი ადამიანი შიმშილობს და მათ სხვა ციხეების პატიმრებიც უერთდებიან. კაკბაძის თქმით, პატიმრების პროტესტი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო.

 

“ეს ადამიანები ელოდნენ სამართლიანობის აღდგენას და თავიანთი საქმეების გადახედვას. ისინი თვლიან, რომ უკანონოდ არიან დაკავებულები. იყო დაპირება, რომ შეიქმნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც ამ საქმეებს გადახედავდა. გუშინ თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე ბიუჯეტში არ ყოფილა თანხა და ამის გამო არ უნდა გადაიხედოს ეს საქმეები. ამ პატიმრების 90% იძახის, რომ მათ არანაირი თანხა არ სჭირდებათ: ჩვენ გვინდა ღირსება და ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ როგორ ჩაგვსვეს ციხეშიო. თანხას არ ითხოვენ ეს ადამიანები, მათ სურთ საქმეების გადახედვა”, – აცხადებს კაკბაძე.

 

მისივე ინფორმაციით, შიმშილობის აქციაში მონაწილეობს ყველა ის პატიმარი, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

“მათ სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ. დღის ბოლოსთვის მეცოდინება ზუსტი მონაცემები და მოშიმშილე პატიმრების სახელები და გვარები”.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ამ საკითხზე სამინისტრო დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებს.

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი სამინისტრომ მთავრობის ბოლო სხდომაზე გაიტანა, თუმცა მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. 

 

წულუკიანის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მოძრაობა “სამართლიანობა უნდა აღსდგეს” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. მათი განცხადებით, 15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაზარალებულების აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი