ახალი ამბები

ზალკალიანი: ეს ხელშეკრულება საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკას მისცემს მოდერნიზაციის საშუალებას

28 ნოემბერი, 2013 •
ზალკალიანი: ეს ხელშეკრულება საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკას მისცემს მოდერნიზაციის საშუალებას

ამის შესახებ ზალკალიანმა ტვ3–ის გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” ისაუბრა:

 

“ეს არის სრულიად ახალი ხელშეკრულება, რითაც ხდება საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოება, ჰარმონიზაცია. გარდა ამისა, შეუქცევად ხასიათს იღებს ის რეფორმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. ამ რეფორმების განხორციელება უკვე დაწყებულია ყველა მიმართულებით- მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელსაც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა ჰქვია” – განაცხადა ზალკალიანმა. 

 

მისი თქმით, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკას მისცემს მოდერნიზაციის საშუალებას:

“გარდა ამისა, საქართველოს ექნება საშუალება ვაჭრობა და მომსახურება თავისუფლად გაიტანოს ევროპულ ბაზარზე. ქათული პროდუქცია ტარიფების გარეშე გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ყველამ კარგად იცის, რომ უცხოელი ინვესტორი, როდესაც შედის ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც მას უნდა ინვესტირება, პირველი, რასაც კითხულობს, აქვს თუ არა ამ ქვეყანას ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა.”

 

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო ახლოვდება ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით: “ხვალ ხელი მოეწერება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ხელშეკრულებას კრიზისულ სიტუაციებში. მართლაც ისტორიული დღე არის და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება შეუქცევად ხასიათს იღებს.”  

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია ერთ–ერთი მთავარი თემაა:

“მოლდოვამ საქართველოზე ადრე დაიწყო ამ თემაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ამან განაპირობა, რომ მოლდოვამ ევროკავშირთან უფრო ადრე დაიწყო სავიზო ლიბერალიზაციაზე გადასვლა.  საქართველოს აქვს პროგრესი სავიზო ლიბერალიზაციის გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან სწრაფად გავიარეთ პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც საკანონმდებლო ფაზას გულისხმობს და ვილნიუსში ხვალ ევროკავშირი დააფიქსიებს ამ პროგრესს, რომელიც საქართველომ გაიარა. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ  ძალიან მალე გადავალთ სავიზო ლიბერალიზაციის მეორე ფაზაზე, იმპლემენტაციის ფაზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ საშუალება, რომ ისარგებლონ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციით.” 

        

მასალების გადაბეჭდვის წესი