“ჩვენ გადავიხადეთ სავეედრებელი პარაკლისი. აქ ძირითადად ჩამოსულები იყვნენ, ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო, მოძღვარებმა ურჩიეს, რომ არ მოსულიყვნენ, შემდგომ რაიმე პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ. მშვიდად ჩატარდა ყველაფერი. ახლა დავიშალეთ და მოვდივართ თბილისში”, – აცხადებს უნგიაძე და დასძენს, რომ დღევანდელი აქცია “პროტესტის მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და პროცესი გაგრძელდება”.
“პროტესტი გაგრძელდება და ამისთვის მოვემზადებით. ეს ძირითადად იქნება სამართლებრივი [ბრძოლა], მოვამზადებთ საკითხს რეფერენდუმისათვის”.
მისივე თქმით, შესაძლო რეფერენდუმი შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები. “ხელისუფლება არ გვეკითხება და ხალხის აზრს არ ითვალისწინებს, ამიტომ ჩვენ შევეცდებით, რომ რეფერენდუმზე დავაფიქსიროთ ეს აზრი”.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მმკ–ს წევრები არ ყოფილან.
“ჩვენ, უბრალოდ, ჩამოვედით და შევუერთდით ადგილობრივ სასულიერო პირებს და მოსახლეობას. სულ დაახლოებით 200–მდე ადამიანი ვიყავით. გადავიხადეთ სავედრებელი პარაკლისი: ღმერთს შევთხოვეთ შველა და დახმარება”.
ჭელაში იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც. სოფელში რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა. უნგიაძის თქმით, მუსლიმ მოსახლეობასა და მათ შორის არავითარი სახის კონტაქტი არ შემდგარა.
როგორც ცნობილია, ჭელას მეჩეთზე მინარეთი ხელახლა 27 ნოემბერს აღმართეს. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ზემოხსენებული აქციის გამო მუსლიმმა სასულიერო პირებმა მოუწოდეს ადგილობრივ მუსლიმებს, რომ თავი შეიკაონ დღეს მეჩეთთან მისვლისგან:
“ჩვენ მუსლიმ მოსახლეობას ვთხოვეთ თავი შეეკავებინათ ემოციებისგან, ღიად გამოხატვისგან, თითქოს გავიმარჯვეთ. აქ არ არიან მუსლიმები გამარჯვებული, როგორც ასეთი, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი გამარჯვება ამ ქვეყნის გამარჯვებაა ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ზედმეტი ემოცია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვთხოვეთ მუსლიმებს თავი შეეკავებინათ და ასეც იქცევიან”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
მინარეთების კონტექსტში რეფერენდუმი პირველად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახსენა. თუმცა ეს აზრი მიუღებელია ადამიანის უფლებების დამცველების ნაწილისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის მიხედვით: საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.