პრეზიდნტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა ვილნიუსში, სასტურო „კემპინსკიში“ შედგა. პრეზიდენტის გარდა, საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
“შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. როგორც ცნობილია, ხელი მოეწერა 30-მილიონიან პროექტს, რომელიც გულისხმობს გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას. ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია საქართვველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით”, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს უახლოეს მომავალში საინვესტიციო ბანკის დელეგაცია ესტუმრება.
„პირველად შევხვდით საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. გვჯერა, რომ მომავალ წლებში საქართველოში ბევრი რამ განვითარდება. გვაქვს რამდენიმე პროექტი საქართველოში განსახორციელებელი, რასაც წლის ბოლოს ჩვენი დელეგაციის საქართველოში სტუმრობისას დეტალურად განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი დადებითად ვითარდება“,- პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა.