ახალი ამბები

საია: ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაევალა

10 მაისი, 2018 • 1866
საია: ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაევალა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით,  სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაავალა.

ორგანიზაციის თქმით,  ცვლილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებაში უნდა შევიდეს, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, თუმცა არ ადგენს დეკლარაციის გაცნობის განსხვავებულ წესებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

ორგანიზაციის თქმით, საია უსინათლო პირის უფლებებს იცავდა, რომელსაც  სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის საფუძვლად კი მის მიერ დეკლარაციის შევსებისას მისთვის ინფორმაციის არასრულყოფილად  მიწოდება სახელდებოდა:

“აღსანიშნავია, რომ ვ.კ.-მ დეკლარაციის შევსებისას სოციალურ სააგენტოს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა დეკლარაციის შევსების შემდგომ, უსინათლობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, პირადად გასცნობოდა სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას. სოციალურმა აგენტმა თვითონ წაუკითხა დეკლარაციაში შეტანილი ყველა მონაცემი და ნდობის საფუძველზე ვ.კ-მ ხელი მოაწერა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სოციალურ აგენტს სრულყოფილად არ შეუვსია დეკლარაცია, რაც ვ.კ-სთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა” – ვკითხულობთ საიას მიერ გავრცელებილ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანება განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, თუმცა არ ადგენს დეკლარაციის გაცნობის განსხვავებულ წესებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

საიას განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ზოგადი და ნეიტრალურია, არ არის გონივრულად მისადაგებული მხედველობის არმქონე პირების საჭიროებებთან, რის გამოც საია-მ შშმ პირის სახელით სახალხო დამცველის 2017 წელს მიმართა და ითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია და განმარტა, რომ ,,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების სპეციალურ საჭიროებებს ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობის კუთხით და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას – გაატაროს ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.“

“გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული ტექნიკური საშუალებებით. ,,ნეიტრალური პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს უსინათლო პირების მიმართებით აქვს, შესაძლოა ნეგატიური შედეგის მომტანი იყოს და არაპროპორციულად უარყოფითი გავლენა იქონიოს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, მათ შორის, მათ პირად ავტონომიასა და ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; შეაფერხოს შშმ პირების მონაწილეობა და ინკლუზია  და გაამარტივოს მათი გარიყვა საზოგადოებიდან.“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე, სამინისტროს დაევალა:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ამ საკითხის მარეგულირებელ აქტში;
  • შშმ პირებისათვის სოციალურ/ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი