დოკუმენტი, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს, დაახლოებით 1000–გვერდიანია და ეს პროცესი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
“ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ამიერიდან საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ იურიდიულ ჩარჩოებში ექცევა და ჩვენ გადავდივართ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ინტეგრაციის ეტაპზე. დღეიდან საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან დაახლოებას ევროპასთან, როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ისე ყველა სფეროში. საქართველოს ეკონომიკის ნებისმიერი დარგი უნდა იყოს ჰარმონიზაციაში ევროპულ მიმართულებასთან და თავად ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული დღე ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგაც, უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ საქართველომ მოახდინოს სრული პოლიტიკური ასოცირება და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში ესწრებოდა და აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისგანაც ჩვენ გადავიბარეთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ისაუბრა საქართველოსთვის სამიტის მნიშვნელობაზე.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტს შემოაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში. სამიტზე ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირება, მომავალ წელს მისი ხელმოწერის პერსპექტივით. აღნიშნული სამიტი გვთავაზობს ახალ საგზაო რუკას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში, რომელიც საქართველოსაც მოუტანს სარგებელს. საქართველოს შეუძლია მომავალშიც ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ქონდეს”, -განაცხადა შტეფან ფულემ.
ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის პარაფირება ოფიციალურად ხვალ დასრულდება, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოაწერს ხელს ევროპელ კოლეგა, კეტრინ ეშტონთან ერთად.