ახალი ამბები

ვილნიუსის სამიტი დაიწყო

28 ნოემბერი, 2013 • • 1209
ვილნიუსის სამიტი დაიწყო

სამიტში მონაიწლეობენ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა) პოლიტიკური ლიდერები, დეპუტატები, ბიზნესმენები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

 

ვილინიუსის სამიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი დეკლრაციის შემუშავება, რომელიც ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთელი მეზობლების შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ასევე იგეგმება საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება (დამოწმება), რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპელ კოლეგასთან ერთად 1000–გვერდიან ხელშეკრულებას დაამოწმებს, ანუ მის ყველა გვერდს ხელს მოაწერს. ეს პროცედურა დღეს დაიწყება, ხოლო ხვალ პარაფირებულ დოკუმენტს სიმბოლურად ხელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მოაწერს.

 

სამიტზე ასევე იგეგმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების ოპერაციების მენეჯმენტში ქართული მხარის ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა.

 

გარდა პოლიტიკური ნაწილისა, სამიტის განმავლობაში დაგეგმილია კონფერენციები არასამთავრობო და ბიზნეს სექტორისთვის, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. ვილნიუსში გაიმართება საპარლამენტო ფორუმიც.

 

სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი უხელმძღვანელებს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად ევროკავშირს წარადგენს. ღონისძიებას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. სომხეთიდან ვილნიუსში ჩადის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, აზერბაიჯანიდან- პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოდან- პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, უკრაინიდან -პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვიდან- პრემიერ–მინისტრი, ხოლო ბელარუსიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი.

 

ვილნიუსის სამიტი
ვილნიუსის სამიტი

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი