ახალი ამბები

ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დაკავებულის ძმამ პოლიციაში დაკავებული თანამდებობა დატოვა

8 მაისი, 2018 • 2069
ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დაკავებულის ძმამ პოლიციაში დაკავებული თანამდებობა დატოვა

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთის ძმამ, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საგამოძიებო დანაყოფისთვის მანამდეც იყო ცნობილი, რომ 7 მაისს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთის ძმა ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მუშაობდა. ამის გამო გამოძიება პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენაზეც მუშაობდა.

“…გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე არ დასტურდება უწყების უკვე ყოფილი თანამშრომლის შესაძლო დანაშაულში მონაწილეობა, თუმცა საგამოძიებო ქმედებები ამ მიმართულებით მაინც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი