ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ცდილობს

26 ნოემბერი, 2013 • • 940
ზაქარეიშვილი: რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ცდილობს

 

„ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ გამომწვევი ნაბიჯებისა, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს. გრძელდება ოკუპაცია და ხდება გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება. აქამდე რუსი სამხედროები კონკრეტულ ტერიტორიებზე პატრულირებას ახორციელებდნენ, ამჟამად ისინი ამ ხაზს აფიქსირებენ მავთულხლართებით და ტრაფარეტებით. ამ ვითარებაში ჩვენ ან უნდა ვივაჭროთ, რომ ეს ხაზი არა აქ, არამედ, მაგალითად, რამდენიმე ასეული მეტრით უკან გადის, რაც ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია, ან კვლავ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად განვაცხადოთ, რომ ეს არის ოკუპაციის რეალიზაცია. რუსეთი მართლაც ყველანაირად ცდილობს, საქართველოს მხრიდან აგრესიული ქმედებების პროვოცირება მოახდინოს, რათა ევროპას შეექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ევროპისკენ ნაბიჯები გადადგას. ამდენად, ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები გამოირიცხოს. თუმცა, თუ ევროპამ საქართველო თავისი ფრთის ქვეშ არ აიყვანა, საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან, რაც გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

იგი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ხასიათის ნაბიჯები რუსეთის მხრიდან გაგრძელდეს.

 

„ჩვენი მთავრობა მკაფიოდ და ცალსახად მიდის ევროპისკენ. ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ კუთხით. ამ ფონზე, ბუნებრივია, მოსალოდნელია საქართველოზე გარკვეული ზემოქმედების მცდელობის გაგრძელება. ჩვენ ვუძლებთ ამ წნეხს და ბოლომდე უნდა გავუძლოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი