როგორც ევროგაერთიანების პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტი თავს მოუყრის ევოკავშირის წევრი 28 ქვეყნის მეთაურებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების- აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის ლიდერებს.
სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი უხელმძღვანელებს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად ევროკავშირს წარადგენს. ღონისძიებას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. სომხეთიდან ვილნიუსში ჩადის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, აზერბაიჯანიდან- პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოდან- გიორგი მარგველაშვილი, უკრაინიდან -პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვიდან- პრემიერ–მინისტრი, ხოლო ბელარუსიდან -საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი.
“ჩვენ მიზანია, რომ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რეგიონში, რათა ნაბიჯ–ნაბიჯ ავაშენოთ აყვავებული, დემოკრატიული და სტაბილური სამეზობლო. ვილნიუსი იქნება ნიშანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პირველი დეკადის დასასრულისა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამბიციურ ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასაც (DCFTA) გულისხმობს”, – აცხადებს რომპუი.
შეგახსენებთ, სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების შესახებ შეთანხმების დამოწმებას, იგივე პარაფირებას ელოდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპელ კოლეგასთან ერთად 1000–გვერდიან ხელშეკრულებას დაამოწმებს, ანუ მის ყველა გვერდს ხელს მოაწერს, რითაც დაადასტურებს იმ საკითხებს, რომელზეც მხარეები რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, სავარაუდოდ, 2014 წლის სექტემბრის თვეში მოხდება, რა დროსაც ამოქმედდება DCFTA, ხოლო ასოცირების ბოლო ეტაპი დოკუმენტის რატიფიცირება იქნება, რაც ევროპარლამენტის, საქართველოს პარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან ზემოხსენებული დოკუმენტის დამტკიცებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება დოკუმენტის რატიფიცირებას.
ვილნიუსის სამიტზე საქართველო და ევროკავშირი ასევე ხელს მოაწერენ ევროკავშირის კრიზისების ოპერაციების მენეჯმენტში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებას.