ახალი ამბები

არასამთავრობო: მერიის გამოცხადებული ტენდერი ეჭვებს ბადებს

26 ნოემბერი, 2013 • • 1052
არასამთავრობო: მერიის გამოცხადებული ტენდერი ეჭვებს ბადებს

“ვფიქრობთ, აუცილებელია მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა იმისა, თუ რამდენად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაცია აუცილებელ მოთხოვნებს და მიიღებს თუ არა დედაქალაქი ხარისხიან მუნიციპალურ ტრანსპორტს,”- აცხადებს ორგანიზაცია. 

 

25 ნოემბერს ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად დასრულდა. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 55 550 000 ლარს შეადგენდა.

ყვითელი ავტობუსები
ყვითელი ავტობუსები

ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასი, 31 660 601 ლარი, ჩინურმა კომპანიამ „XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO“ შესთავაზა. ელექტრონული ტენდერის პრინციპიდან გამომდინარე, თუ ამ პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამარჯვებულად სწორედ აღნიშნული კომპანია დასახელდება. 

 

ტენდერში 37%-იანი ფასკლებით შემოვიდა ვაჭრობაში მეორე ჩინური კომპანია „Zhengzhou Yutong Bus Co..LTD“, რომლის პირველი შეთავაზება 34 903 912 ლარს შეადგენდა.

 

49 521 662 ლარით დაიწყო ვაჭრობა პოლონურმა „Solaris Bus & Coach S.A.“, რაც 11%-ით ნაკლებია ტენდერით განსაზღვრულ ფასზე.

 

“ადამიანი, კანონი, თავისუფლება” დააეჭვა მერიის მიერ დასახელებულ 55 550 000 ლარსა და „XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO“ შეთავაზებულ საწყის ფასს შორის 22 550 მილინიანმა სხვაობამ. 

 

მერიის მიერ გამოცხადებული საწყისი ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპანიების მიერ პირველსავე ეტაპზე შეთავაზებული ფასისგან, რაც მათ აფიქრებინებს, რომ ტენდერში დაფიქსირებული სავარაუდო ღირებულება არ ემყარებოდა მერიის სწორ გათვლებს.

 

ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თუ თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის მიერ ავტობუსების ფასის კალკულაცია სწორად მოხდა, მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ დაბალფასიანი ავტობუსები სტანდარტებს არ შეესაბამება.

 

თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი 11 ნოემბერს გამოაცხადა. 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, ავტობუსების მიწოდება გამარჯვებულმა კომპანიამ ეტაპობრივად 2014 წლის 30 აგვისტომდე უნდა შემოიყვანოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი