აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ერეკლე ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი არიან, საკრებულოს კომპეტენცია იქნება მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლების თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, ასევე, მათთვის უნდობლობის გამოცხადება. გათვალისწინებულია ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცედურები.
კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო შესაბამისი კანდიდატურის დანიშვნის საკითხს განიხილავს წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის დანიშვნაზე თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, თბილისის მერი 1 კვირის ვადაში წარადგენს იმავე, ან სხვა კანდიდატურას. თუ საკრებულო კვლავ არ მისცემს თანხმობას, საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3 წამოაყენებს ახალ კანდიდატურას, რომელსაც საკრებულო განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. საკრებულოს მიერ რამდენიმე კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს რეგლამენტით საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. თუ საკრებულო კვლავ ვერ დაამტკიცებს თანამდებობაზე კანდიდატურას, თბილისის მერი თანამდებობაზე ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატურას.
“მერის მაღალი ლეგიტიმაციის მიუხედავად, რასაც მას პირდაპირი არჩევნებით მიღებული მანდატი ანიჭებს, აუცილებელია საკრებულოს, რომელიც ასევე პრიდაპირი წესითაა არჩეული ადგილობრივი საზოგადოების მიერ, მონაწილეობა ქ. თბილისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დანიშვნაში, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღმასრულებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე, ასევე, მათი საქმიანობის კონტროლს. შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად და აღმასრულებელი ორგანოების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საკრებულოს როლის გაზრდა მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის თვალსაზრისით,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.